logo
ENG



კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან 36 ადამიანი გაათავისუფლეს

15 იან 202220:21
3 წუთის საკითხავი
 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან 36 ადამიანი გაათავისუფლეს. 

სააგენტოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს რეორგანიზაციის ფარგლებში მოხდა, რომელიც 25 ნოემბერს დაიწყო და დღეს, 15 იანვარს დასრულდა. 

"რეორგანიზაციის შედეგად განხორციელდა ისეთი სტრუქტურული ერთეულების გაერთიანება, რომელთაც ერთმანეთის მსგავსი/მონათესავე ფუნქციები ჰქონდათ. სააგენტოს ოპტიმალური სტრუქტურის მისაღებად ასევე განხორციელდა ისეთი პოზიციების შემცირება, რომელთა გარდაუვალი აუცილებლობაც აღარ არსებობდა. შედეგად, 17 სამსახურის ნაცვლად, სააგენტოში ფუნქციონირებას განაგრძობს 11 სამსახური და სააგენტოში დასაქმებულთა რაოდენობა 381-დან 345-მდე შემცირდა". - ნათქვამია განცხადებაში. 

სააგენტო ასევე წერს, რომ საშტატო ნუსხას დაემატა 17 ოსტატის პოზიცია (ქვითხურო, ხითხურო, კირითხურო, სახურავთა ოსტატი, მჭედელ-ზეინკალი და ხარატი), რომლებიც აქამდე საერთოდ არ არსებობდა.

"აღსანიშნავია, რომ ოსტატთა რეესტრის შექმნისა და მათი სააგენტოში დასაქმების იდეა კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს ეკუთვნის, რაც ქვეყანაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით არსებულმა პრობლემებმა განაპირობა. კერძოდ, როგორც კულტურის სამინისტროს მიერ ამ სფეროს შესწავლამ ცხადყო, ხშირ შემთხვევაში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე არსებული პრობლემები კვალიფიციური კადრების სიმწირით ან არსებული კადრების პროფესიონალიზმის ნაკლებობითაა გამოწვეული. 

ამასთან, ცალკე სტრუქტურული ერთეულის სახით შეიქმნა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სამსახური და ძეგლთა ფიქსაციისა და კულტურულ ფასეულობათა კონსერვაცია-რესტავრაციის ლაბორატორია (სამსახური), ვინაიდან, დღემდე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში არ არსებობდა სამსახური, რომელიც განახორციელებდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტო/ვიდეო ფიქსაციას, არტეფაქტების ტექნიკურ კვლევასა და დიაგნოსტიკას კვლევის სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით და ა.შ.

ქვეყნის მასშტაბით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მონიტორინგის მიზნით, სააგენტოში შეიქმნა ინსპექტორების მობილური ჯგუფები, რომლებიც რეგიონების მიხედვით მოახდენენ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობის ინსპექტირებას და უზრუნველყოფენ შემდგომ რეაგირებას". - აცხადებს სააგენტო. 

აღსანიშნავია, რომ გათავისუფლებული თანამშრომლების ნაწილმა ამის შესახებ ელექტრონული ფოსტით შეიტყო. 

კულტურული სააგენტოს ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გიორგი გაგოშიძე დათხოვნას თეა წულუკიანს და პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებს. 

ფორმულას ინფორმაციით, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან გათავისუფლებულთა შორის არის პაატა გაფრინდაშვილი, რომელიც დირექტორის მოვალეობას ასრულებდა მას შემდეგ, რაც გელათის სკანდალის გამო ნიკოლოზ ანთიძე თანამდებობიდან გადადგა. თუმცა, პაატა გაფრინდაშვილი გათავისუფლებას ფორმულასთან არ ადასტურებს.


close დახურვა