logo
ENG



კულუმბეგოვი: დიდი რაოდენობით შეკრებები იყო, მეტი გავლენა ექნება ამ წინასაახალწლო დღეებს

04 იან 202112:19
3 წუთის საკითხავი
 

იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ საახალწლო პერიოდში მოქალაქეების მობილობა საკმაოდ მაღალი იყო. 

როგორც კულუმბეგოვმა ფორმულას ეთერში განაცხადა, იყო შემთხვევები, როდესაც სოციალურ აქტივობაში ის ადამიანებიც კი იყვნენ ჩართული, ვინც მოქალაქეებს სახლში ყოფნისკენ მოუწოდებდნენ. 

ის გარკვეულ შეზღუდვებს საზოგადოებისთვის ზარალის მომტანს უწოდებს და განმარტავს, რომ ერთერთი ასეთი შეზღუდვა გაჩერებული საზოგადოებრივი ტრანსპორტია​.

"პირველიდან თუ 31-დან დაწყებული, ის ადამიანებიც კი, ვინც მოუწოდებდნენ კიდეც, რომ არ იყოს სოციალური აქტივობა და სახლიდან მოვულოცოთ ერთმანეთს, ძალიან დიდი რაოდენობით შეკრებები იყო. თან უმრავლესობა მათგანი ოჯახებში პირბადის გარეშე სხედან. ამიტომ უფრო მეტი გავლენა ექნება ამ წინასაახალწლო დღეებს.

იმედს ვიტოვებ, რომ არ მოხდება იგივე საქალაქო ტრანსპორტის შეზღუდვა, ძალიან აზარალებს საშუალო და დაბალი შემოსავლის ადამიანებს. ვინც მდიდარია და შემოსავალი აქვს, ის მანქანით გადაადგილდება. ამიტომ ყველაზე მეტად დამაზიანებელი შეზღუდვების რაც შეიძლება სწრაფი მოხსნა, ეს საზოგადოების ინტერესებში შედის", - განაცხადა იმუნოლოგმა. 

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში გამოვლინდა კორონავირუსის 594 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 25 ადამიანი, ჩატარდა 3 845 ტესტი. 

ამასთან, გუშინ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა, რომ შესაძლოა ინფიცირებულთა რიცხვის ზრდა. რაც შეეხება ბოლო დღეების განმავლობაში შემთხვევების კლებას, თამარ გაბუნიას თქმით, ეს განპირობებულია იმით, რომ სადღესასწაულო პერიოდში ნაკლები მოქალაქე მიდიოდა ტესტირების ჩასატარებლად. 


close დახურვა