logo
ENG



კუნძული ზმეინი რუსი ოკუპანტებისგან თავისუფალია

30 ივნ 202213:32
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/30/yuf49q9d0t685ss.png

 უკრაინის ოპერატიული სარდლობა სამხრეთის ინფორმაციით, ღამით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან მიტანილი იერიშის შემდეგ, ოკუპანტებმა კუნძული ზმეინი, სავარაუდოდ, დატოვეს.

"ღამის განმავლობაში, ზმეინის კუნძულზე ჩვენი სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფების დარტყმების შედეგად, მოწინააღმდეგემ დაჩქარებული გზით მოახდინა გარნიზონის ნარჩენების ევაკუაცია ორი ჩქაროსნული ნავით და დატოვა კუნძული. ამჟამად კუნძული ცეცხლშია გახვეული, ისმის აფეთქებები", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა დაადასტურა, რომ კუნძული ოკუპანტებისგან გათავისუფლდა.

"ზმეინიზე რუსები აღარ არიან. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესანიშნავი ოპერაცია ჩაატარეს. ყველაფერი იქნება, უკრაინა", - ამბობს ერმაკი.

ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტროშიც გამოეხმაურნენ. თავდაცვის სამინისტროს სპიკერის მტკიცებით, მათ კუნძულზე არსებული დავალებები შეასრულეს და ის "კეთილი ნების გამოხატვის მიზნით" დატოვეს.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, კუნძული ზმეინი რუსეთის ერთ-ერთი პირველი სამიზნე იყო. სწორედ ამ კუნძულის მცველებს მოსთხოვა რუსულმა ხომალდმა დანებება და მიიღო პასუხი, რომელიც მთელი ომის მანძილზე, უკრაინის წინააღმდეგობის მთავარი სიმბოლო გახდა.


close დახურვა