logo
ENG



კუჭავა: მნიშვნელოვანია, ენერგოდამოუკიდებლობის კონცეფცია, რაც გარემოს ზედმეტად არ დააზიანებს

24 მაი 202110:23
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი/ფორმულა

პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ნამახვანჰესის აქციაზე საუბრისას ამბობს, რომ უნდა შემუშავდეს ენერგოდამოუკიდებლობის კონცეფცია, რაც გარემოზე ზედმეტი ზიანის მიყენების ხარჯზე არ გაკეთდება. კუჭავა ამ დოკუმენტზე მუშაობაში ჩართვისთვის ყველა მხარეს მოუწოდებს. 

"მნიშვნელოვანია, პირველ რიგში მოვუსმინოთ, რას ითხოვს ის ხალხი, ვინც აპროტესტებს და მართლა იყო დიდი რაოდენობით შეკრებილი და იყო გარკვეული მოწოდებები, რაც აბსოლუტურად მესმის და ძალიან გულწრფელია. [...]

სანამ ბრიუსელში წავიდოდი, დარგობრივი ეკონომიკის თავმჯდომარესთან გვქონდა საუბარი იმ საკთხებთან დაკავშირებით რომ ერთხელ და სამუდამოდ, საკანონმდებლო დონეზე და პოლიტიკის დონეზე იქნას შემუშავებული ის კონცეფცია, ის დოკუმენტი, რომელიც სახელმძღვანელო იქნება თუ რა პოლიტიკას ვატარებთ ენერგოდამოუკიდებლობის კუთხით, რომელიც არ იქნება გარემოზე ზედმეტი ზიანის მიყენების ხარჯზე განხორციელებული", - თქვა კახა კუჭავამ ჟურნალისტებთან საუბრისას. 

გუშინ, 23 მაისს ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა რესპუბლიკის მოედანზე კარვები გაშალეს. მათივე თქმით, ხელისუფლებას აქვს ვადა 24 მაისის 12:00 საათამდე, რათა მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდეს.

რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი "რიონის მცველები" ითხოვენ: 

  • შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ENKA-მ დატოვოს რიონის ხეობა;
  • გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;
  • გამოცხადდეს მორატორიუმი ენერგოსექტორში;
  • თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა;
  • დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ჩართულია ამ პროექტში - აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, არა მარტო ნათია თურნავას მიმართ, არამედ ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს. 

 


close დახურვა