პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა უვადო მწვანე პასპორტებზე საუბრისას ამბობს, რომ ენდობა ექიმების გადაწყვეტილებას. ამასთან, უკვე ყოფილი მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის უარყოფითი პოზიცია უვადო ბარათზე სამედიცინო სპექტრის აზრს ემთხვეოდა.
"მე, პარლამენტის თავმჯდომარე არ ვარ ექიმი, ამიტომ გამიჭირდება კომპეტენტური პასუხის გაცემა. როგორც ადრე ვამბობდი, ვემხრობი იმ ექსპერტებს, იმ ექიმებს, რომლებიც ამ მიმართულებით იღებენ გადაწყვეტილებას. ტიკარაძის პოზიცია იყო მთლიანად სამედიცინო სპექტრის პოზიცია. შესაბამისად, მე არ ვარ ექიმი და ვენდობი ექიმების გადაწყვეტილებას და ამ შემთხვევაშიც იქნება ჩემი პოზიციაც გაზიარებული", - თქვა კახა კუჭავამ.
ეკატერინე ტიკარაძემ 3 დეკემბერს რუსთავი 2-ის ეთერში საუბრისას თქვა, რომ მწვანე პასპორტის უვადოდ მინიჭებას არ ემხრობა. მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი, რომლებიც არიან მთავარი უწყებები და გასცემენ რეკომენდაციებს, სრულად არ იზიარებენ იმას, რომ კოვიდგადატანილებს აძლევენ მწვანე პასპორტს.
"ვერ ვიტყვი მე, რა თქმა უნდა, იმას, რომ ჯანდაცვის სამინისტრო, ან დაავადებათა კონტროლის ცენტრი, რომლებიც არიან მთავარი უწყებები და იძლევიან რეკომენდაციებს ამ მიმართულებით, სრულად იზიარებენ ამ გადაწყვეტილებას. ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, შეიცავს გარკვეულ რისკებს, მაგრამ აქ არსებობს გარკვეული სხვა საფუძველი, ვინაიდან ჩვენთვის მნიშნველოვანი არის ამ ეტაპისთვის სწორად დაინერგოს და უსაფრთხოდ დაინერგოს მწვანე პასპორტი", - განაცხადა ტიკარაძემ.
პირველი დეკემბრიდან საქართველოში მწვანე პასპორტების კონფენცია ამოქმედდა. გარკვეულ ობიექტებზე მხოლოდ კოვიდგადატანილები, ვაქცინირებულები ან გატესტილი ადამიანები შეძლებენ შესვლას.
აღსანიშნავია, რომ მწვანე სტატუსი უვადოდ ენიჭებათ მათ, ვინც პანდემიის რომელიმე ეტაპზე გადაიტანა კორონავირუსი.
რომელ ობიექტებზე დაგჭირდებათ მწვანე პასპორტი - ნახეთ სია.