პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას სჯერა, რომ საქართველოს ევრო-ატლანმტიკურ გზას საფრთხე არ ემუქრება. ამის შესახებ მან ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადების შეფასებისას განაცხადა.
"მისი სკეპტიკური განცხადება მოვისმინეთ, ხელშეკრულებიდან, როგორც თვითონ ამბობდა, ჩვენ გასვლასთან დაკავშირებითაც, თუმცა ფაქტი ერთი არის, რომ მე მასთან პირადად საუბარი მქონდა და ის ძალიან უკმაყოფილო იყო, თუნდაც იმით, რომ საერთოდ არ მოახდინა ნაციონალურმა მოძრაობამ ამის ხელმოწერა. ამიტომ ჯობია, მთელ სურათში შევხედოთ ამ კონტექსტს [...] ჩვენს ევრო-ატლანტიკურ გზას საფრთხე არ ემუქრება. აუცილებლად გავაგრძელებთ რეფორმებს, აუცილებლად მივაღწევთ იმ სასურველ შედეგს, რასაც ელოდება ჩვენგან ყველა და გავხდებით წევრი", - თქვა კუჭავამ.
31 აგვიტოს ფორმულას ეთერში ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობისთვის სულერთია ევროკავშირის წევრობა:
"დღევანდელი გადაწყვეტილებით მთავრობამ განაცხადა, რომ სრულიად სულერთია მისთვის, შეუერთდება თუ არა ევროკავშირს. ის, რომ აპრილში ხელი მოაწერეს მიშელის დოკუმენტს ორჯერ და ორჯერვე გადააგდეს ეს დოკუმენტი, ვერ ვხედავ ვერანაირ ინტერესს საქართველოს მთავრობისგან, გახდნენ ევროკავშირის წევრები. ვერ ვხედავ ინტერესს, შეიტანონ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე".
გუშინ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში გამართულ ბრიფინგზე კარლ ჰარცელის მოვალეობის შემსრულებელმა თქვა, რომ საქართველომ ვერ შეძლო მაკროფინანსური დახმარების პირობა სრულად შეესრულებინა. კერძოდ, საუბარია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდაზე.
მათ განცხადებაში ნათქვამია, რომ მაკროფინანსური დახმარება კორონავირუსთან ბრძოლასა და საქართველოს მოსახლეობას უნდა მოხმარებოდა. ამასთან, ევროკავშირი ხელისუფლებას რეფორმებთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს და მიუთითებს მართლმსაჯულების რეფორმისკენ.
ევროკავშირის კრიტიკის საპასუხოდ ქართულმა ოცნებამ ახალი მესიჯბოქსი შეიმუშავა. ჯერ კიდევ მაშინ, როცა არ იყო ცნობილი დახმარების საბოლოოდ გამოყოფის შესახებ, მმართველ გუნდში აცხადებდნენ, რომ ეს სესხია, რომლის აღებაც არ სურთ.
ირაკლი ღარიბაშვილმა 31 აგვისტოს თქვა, რომ ხელისუფლება "თავს შეიკავებს" ევროკავშირის 75 მილიონიანი დახმარების მიღებაზე. ღარიბაშვილის თქმით, EU ამ თანხას საქართველოს სესხის სახით აძლევდა, მთავრობამ კი "საგარეო ვალის შემცირება დაიწყო და თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება".
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ქართული ოცნებისთვის ცნობილი იყო იმის შესახებ, რომ დახმარებას ვერ მიიღებდნენ, ამიტომ "დაასწრეს" და თვითონ თქვეს უარი ევროკავშირის მიერ გამოყოფილ თანხაზე.