logo
ENG



კუჭავა ევროპარლამენტარებზე: ან შეცდომა გაეპარათ, ან მიკერძოებულები არიან

02 აპრ 202116:21
3 წუთის საკითხავი
 
კუჭავა ევროპარლამენტარებზე: ან შეცდომა გაეპარათ, ან მიკერძოებულები არიან

ქართული ოცნების წევრი, კახა კუჭავა ამბობს, რომ ევროპარლამენტარებს, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ვერშეთანხმების გამო დახმარების შეჩერებას აანონსებს, "შეცდომა გაეპარათ ან მიკერძოებულები არიან".

მთავარ არხთან კახა კუჭავამ თქვა, რომ კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში რიგგარეშე არჩევნებზე ლაპარაკი არ ყოფილა და უზუსტობაც სწორედ ამას ეხება. 

"მანდ არის ერთი უზუსტობა გაპარული, ქართული ოცნება მზად იყო ხელი მოეწერა. არ იყი ფორმატი, სადაც ერთს უნდა მოეწერა ხელი, ან ყველა აწერდა ან არავინ, რაც ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ეგ სიმართლეც გაჩნდება მალე ყველასთვის ცნობილი.

და მეორე უზუსტობა დანიელსონის დოკუმენტში არ იყო საუბარი რიგგარეშე არჩევნებზე. როდესაც უთითებენ, რომ დანიელსონის ხელშეკრულებაზე შეთანხმებას ხელი არ მოეწერაო და რიგგარეშე არჩევნებზე ვლაპარაკობთო, უკვე ჩანს ჩემთვის მიკერძოებულობა, რაც ძალიან სამწუხაროა. 

როგოც ჩანს, ამ კუთხით ან შეცდომა გაეპარათ, ან მიკერძოებულები არიან. 

ამ შეცდომას გამოვასწორებთ ისე, რომ ამ უზუსტობასაც აღმოვფხვრით". - თქვა კუჭავამ.

საქართველოს ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ამის გამო ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომუშავე ევროპარლამენტარებმა საქართველოსთვის ევროკავშირის ფინანსური დახმარების შეჩერება და პირობითობის გაზრდა დააანონსეს.

მათი განცხადებით, ორივე, მმართველი და მთავარი ოპოზიციური პარტიები, რომლებიც მონაწილეობდნენ მოლაპარაკებებში, პასუხისმგებლები არიან ამ შედეგზე, თუმცა განსაკუთრებული პასუხისმგებლობა კი სახელისუფლებო პარტიას ეკისრება.

განცხადებას ხელს აწერენ ევროპარლამენტარები: დევიდ მაკალისტერი (EPP), მარინა კალიურანდი (S&D), ანდრიუს კუბილიუსი (EPP), ვიოლა ფონ კრამონი (GREENS), სვენ მიქსერი (S&D), მიხაელ გალერი (EPP) და პეტრას აუსტრევიჩუსი (RENEW).


close დახურვა