logo
ENG



ლაგოდინსკი: სააკაშვილის სიცოცხლის გარეშე EU-ში წევრობაზე პროგრესი შეუძლებელი იქნება

14 მარ 202320:31
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/14/8lgeerrv44crk2y.png

ევროპარლამენტარი სერგეი ლაგოდინსკი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და მისი თავისუფლების გარეშე ევროკავშირში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებით პროგრესი არ იქნება.

ევროპარლამენტარის თქმით, თუ ქვეყანას EU-ის წევრობა ან კანდიდატის სტატუსი სურს, სასამართლო სისტემაში "მინიმუმ სტანდარტი" მაინც უნდა აჩვენოს.

"ევროპარლამენტის როლი სტატუსის მინიჭებასა და მთლიანად გაწევრიანების პროცესში საკმაოდ არსებითია. ევროპარლამენტმა სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით ძლიერი შეშფოთება გამოხატა და მიიღო რეზოლუცია. ასე, რომ ჩვენი პოზიცია ძალიან ნათელია და ეს აშკარა იქნება მომავალ პროცესშიც, რომ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გარეშე, ასევე სააკაშვილის თავისუფლების გარეშე ევროკავშირში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებით პროგრესი შეუძლებელი იქნება. ვერ განვიხილავთ ქვეყანას კანდიდატად, თუ ის იმგვარად ეპყრობა თავის ყოფილ პრეზიდენტს ან ნებისმიერ პოლიტიკურ პატიმარს, როგორც სააკაშვილს ექცევიან. ეს აშკარა პოლიტიკური დევნაა. ევროპულ ოჯახში მსგავსი რამ მიუღებელია. თუ თქვენ გსურთ ევროკავშირის წევრობა ან კანდიდატობა, უნდა აჩვენოთ სასამართლო სისტემაში მინიმუმ სტანდარტი მაინც, რომელსაც ველით"- აცხადებს ევროპარლამენტარი. 

დღეს, 14 მარტს ევროპარლამენტში დისკუსია გაიმართა თემაზე "პოლიტპატიმრები, რომელთა სიკვდილის ბრძანება გასცეს".

მიხეილ სააკაშვილთან ერთად საუბარი შეეხო რუს ოპოზიციონერს ვლადიმირ კარა-მურზას და მოსკოვის კრასნოსელსკის დასახლების საბჭოს დეპუტატს, ალექსეი გორინოვს.

დისკუსიაში ევროპარლამენტარებთან ერთად მონაწილეობას მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები იღებდნენ.

საუბრისას ევროპელმა დეპუტატებმა კიდევ ერთხელ გამოთქვეს შეშფოთება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშრებით და აღნიშნეს, რომ ყოფილი პრეზიდენტის უფლებები დაცული უნდა იყოს. 

დისკუსიის შემდეგ გაიმართა პრესკონფერენციაც.


close დახურვა