logo
ENG



ლაგუნა ვერეს ახალმა მფლობელმა მიმდებარე ტერიტორია და იპოდრომის ნაწილიც შეისყიდა - ფორმულა

11 აგვ 202314:10
3 წუთის საკითხავი
 

ფორმულამ მოიპოვა დოკუმენტები, რომლითაც ირკვევა, რომ კომპანია ნეო სითი დეველოპმენტმა ლაგუნა ვერეს გარდა, მიმდებარე ტერიტორიაც შეისყიდა, სადაც ე.წ ცათამბჯენების მშენებლობა იგეგმება და ასევე, იპოდრომის ნაწილიც.

აღნიშნული ტერიტორიები აქამდე ქართუ ფონდის მფლობელობაში იყო.

იპოდრომის ტერიტორიაზე საუბარია დაახლოებით 70 000 კვადრატულ მეტრზე, საიდანაც 10 000 კვადრატულ მეტრზე უკვე კომპანიის საკუთრებაშია, დამატებითი ტერიტორიების გადაფორმება კი სავარაუდოდ მომდევნო საათებში მოხდება. ნეო სითი დეველოპმენტის მოთხოვნა უკვე საჯარო რეესტრშია.

10 აგვისტოს ირაკლი აბესაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლაგუნა ვერე ქართუ ფონდმა გაყიდა. 

საჯარო რეესტრიდან ამონაწერიდან ირკვევა, რომ 12 665 კვ.მ-ის ფართობის ტერიტორია ნეო სითი დეველოპმენტის საკუთრებაში ოფიციალურად 2023 წლის 10 აგვისტოდან გადავიდა.

11 აგვისტოს კომპანიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ლაგუნა ვერეს სპორტულ-გამაჯანსაღებელი აუზი თბილისს მალე დაუბრუნდება" და დაგეგმილია საცურაო კომპლექსის აღდგენა.

18 იანვარს, ირაკლი აბესაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე, ქართუ ბანკის საკუთრებაში არსებული აბრეშუმის ფაბრიკის ადგილას, 65 სართულიანი კომპლექსის აშენება იგეგმებოდა.

ამ ინფორმაციაზე პასუხად თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე რეაბილიტაციის შემდეგ, ინფრასტრუქტურა და აბრეშუმის ქარხნის ძველი შენობა მთლიანად შენარჩუნდებოდა.


close დახურვა