logo
ENG



ლავროვი: თუ დნესტრისპირეთში რუს სამხედროებს საფრთხე შეექმნებათ, ჩვენზე თავდასხმად მივიჩნევთ

01 სექ 202216:47
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მოლდოვაში, ოკუპირებული დნესტრისპირეთის რეგიონში რუსი "მშვიდობისმყოფელებისთვის საფრთხის შექმნა" რუსეთზე თავდასხმად ჩაითვლება, როგორც ეს, მისი თქმით, 2008 წელს ე.წ სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში მოხდა.

ინფორმაციას რუსული სახელმწიფო, პროპაგანდისტული მედია ავრცელებს.

„ყველას უნდა ესმოდეს, რომ ნებისმიერ ქმედებას, რაც [დნესტრისპირეთში] ჩვენი სამხედრო პერსონალის უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად რუსეთზე თავდასხმად მივიჩნევთ, როგორც ეს სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში მოხდა, როცა ჩვენს მშვიდობისმყოფელებს სააკაშვილი დაესხა თავს“ - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

მინისტრმა განაცხადა, რომ რუსი "მშვიდობისმყოფელები" დნესტრისპირეთში, ქალაქ კოლბასნაში ევროპის უდიდეს აღჭურვილობის საწყობს იცავენ.

ლავროვი აცხადებს, რომ მოლდოვის ხელისუფლება დნესტრისპირეთის თვითგამოცხადებულ ხელისუფლებასთან პირდაპირი დიალოგი არ სურს.

რუსეთის საგარეო მინისტრმა "მშვიდობისმყოფელებს" მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ დნესტრისპირეთში რუსეთის სამშვიდობო მისია უნდა გაგრძელდეს.

დნესტრისპირეთი მოლდოვის პრორუსული სეპარატისტული რეგიონია, რომელიც უკრაინის საზღვართან მდებარეობს.

რუსეთის მხარდაჭერილმა სეპარატისტულმა რეგიონმა თავი დამოუკიდებლად 1990 წელს გამოაცხადა, რასაც 1992 წელს ერთის მხრივ რუსეთისა და ე.წ დნესტრისპირეთის ჯარებსა და მეორე მხრივ მოლდოვის ძალებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოჰყვა.

1992 წლის 21 ივლისს მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს. ამ დრომდე რუსეთს მოლდოვის ტერიტორიაზე 2 000-მდე სამხედრო ჰყავს განთავსებული.

დნესტრისპირეთის ე.წ რესპუბლიკას ახლა მხოლოდ 3 თვითგამოცხადებული რესპუბლიკა აღიარებს: აფხაზეთი, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთი და ყარაბაღი.

 

close დახურვა