logo
ENG



ლავროვის თქმით, აშშ-ს პასუხის შემდეგ რუსეთის მომდევნო ნაბიჯებს პუტინი განსაზღვრავს

27 იან 202214:38
3 წუთის საკითხავი
 
2022/01/27/tkbzss6408w21zo.jpg

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებზე აშშ-სა და NATO-ს პასუხზე მომდევნო გადაწყვეტილებებს პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მიიღებს.

"ახლა ვსწავლობთ პასუხს, რომელიც ამერიკელებისგან მივიღეთ და რომელიც, როგორც ბლინკენმა განგვიცხადა, შეთანხმებულია უკრაინელებთან და დასავლეთის სხვა ქვეყნებთან. ამავე დროს მივიღეთ პასუხი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნისგან. ჩვენ განვიხილავთ ორ დოკუმენტს მთლიანობაში, იმის გათვალისწინებით, რომ ეს არის რეაქცია ხელშეკრულებისა და შეთანხმების პროექტზე, რომელიც ჩვენ გავავრცელეთ 2021 წლის დეკემბერში", - განაცხადა ლავროვმა.

მისივე თქმით, ვაშინგტონის პასუხის შინაარი საზოგადოებისთვის უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

"ვფიქრობ, პასუხის შინაარსი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის", - განაცხადა ლავროვმა.

ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით აშშ-მ რუსეთს წერილობითი პასუხი 26 იანვარს გადასცა. ე.წ. უსაფრთხოების გარანტიები, რომელზეც მოსკოვი აპელირებს, აღმოსავლეთით NATO-ს გაფართოების შეჩერებას გულისხმობს, რასაც დასავლეთი არ იზიარებს. 

რუსეთმა აშშ-სა და NATO პირობები წაუყენა, რომ ალიანსმა უარი თქვას ახალი წევრების მიღებაზე, პირველ რიგში ეს ეხება უკრაინას. ასევე, არ განათავსოს ჯარები ქვეყნებში, რომელიც 1997 წლის შემდეგ გახდნენ წევრები. 

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ტექსტის შინაარსის გასაჯაროებას არ აპირებენ და იმავეს მოელიან რუსეთისგან. 

ენტონი ბლინკენის თქმითვე, თავის პასუხში უკან არ დაუხევიათ NATO-ს პრინციპებთან დაკავშირებით, რომელიც ალიანსის ღია კარის პოლიტიკას ეხება. წერილში, ასევე, ჩამოთვლილია ევროპაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით აშშ-სა და მისი მოკავშირეების შეთავაზებები, მათ შორის საუბარია სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვაზე ახალი ხელშეკრულების შესახებ.

გარდა ამისა, NATO-ს გენერალურმა მდივნმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მზად არიან რუსეთს მოუსმინონ. ამავე დროს კი მოუწოდა მოსკოვს, რომ თავისი ჯარები გაიყვანოს უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვადან. 


close დახურვა