logo
ENG



ლანდსბერგისი: დღეს დავრწმუნდით, რომ ეს კანონი NGO-ების წინააღმდეგაა

15 მაი 202419:42
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში ჩამოსული 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლიბ ბრიფინგს მართავენ. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, დღეს ნამდვილად დარწმუნდნენ, რომ ეს კანონი არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგაა მიმართული. 

"ჩვენ ვერ მოგვატყუებს რიტორიკა, რაც ამ კანონის გარშემოა და ველოდებით პრეზიდენტის ვეტოს. ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ ამ კანონს რამე კავშირი აქვს გამჭვირვალეობასთან, მიუხედავად იმისა, რომ იგი ასეთი სახითაა წარმოდგენილი. ნათელი არ არის კოლეგებისთვის. 

ჩვენ ნამდვილად დავრწმუნდით დღეს, რომ ეს კანონი არასამთავრობოების წინააღმდეგ არის მიმართული, რომლებიც ხმას იმაღლებენ მთავრობის პოლიტიკის წინააღმდეგ და ეს კანონი შეიძლება გამოყენებული იყოს იმისთვის, რომ გააჩუმონ ეს ინსტიტუები. ეწინააღმდეგება დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს, რასაც ევროკავშირი უწევს მხარს", - განაცხადა მან [სინქრონული თარგმანი]. 

გარდა ამისა, ლანდსბერგისს აქციის მონაწილეებზე სამართალდამცავების მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზეც ჰკითხეს, რაზეც ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ამაზე პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება. 

"ნამდვილად საშინელი რეალობაა, ჩვენ ვნახეთ ეს სურათები. ჩვენ შეშფოთება გამოვხატეთ, არა მხოლოდ შეშფოთება გამოვხატეთ, ჩვენ გვინდა, ამის საპირისპირო ქმედება განხორციელდეს, ამის საპასუხო ქმედება განხორციელდეს, პასუხი აგონ დამნაშავეებმა. დემოკრატიულ ქვეყნებში ყოველთვის აკისრია პასუხისმგებლობა სახელმწიფოს, იმიტომ, რომ ის აკონტროლებს სამხედრო უწყებას, პოლიციას და ა.შ. და როცა ვხედავთ, რომ ადამიანს გამოათრევენ, ურტყამენ და თვეები უნდა გაატაროს საავადმყოფოში, ეს ყოველთვის არის მთავრობის პასუხისმგებლობა. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ და ერთი აქცენტი არ გავუშვათ მხედველობიდან, ეს არის მომავალი არჩევნები საქართველოში. დაშინება ოპოზიციისა, არასამთავრობოების და კანონმა, რასაც ვიხილავთ, შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს იმაზე, თუ როგორ ჩატარდება არჩევნები შემოდგომაზე", - ამბობს ის. 

მოსახლეობისა და დასავლელი პარტნიორებების მოწოდებების მიუხედავად, ქართულმა ოცნებამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსული კანონი მიიღო. მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი - 30.


close დახურვა