ლატვიის სეიმმა მიიღო კანონი, რომლითაც ამ წლის 9 მაისი უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად მსხვერპლთა ხსოვნის დღედ გამოცხადდა. კანონი მხოლოდ წელს იმოქმედებს.
აღნიშნულ დღეს სახელმწიფო შენობებზე უნდა გადმოეფინოს ლატვიის დროშა სამგლოვიარო ლენტით, მის გვერდით კი უკრაინის დროშა იქნება.
9 მაისს არ ჩატარდება გასართობი ღონისძიებები, შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოები ღონისძიებების ჩატარებისთვის ნებართვებს არ გასცემენ. გამონაკლისი იქნება, მანამდე დაშვებული მიტინგები, პიკეტები და მსვლელობები. ამასთან, 9 და 10 მაისს იკრძალება ფეიერვერკების გამოყენება.
"კანონი მიღებულ იქნა, რათა ლატვიის საზოგადოების ყურადღება მიიქციოს უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის აგრესიის მიმართ და უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობის გამოსახატად სახელმწიფოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში", - აღნიშნულია სეიმის განცხადებაში.
9 მაისს რუსეთში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღეს აღნიშნავენ. ამ დღეს მოსკოვში, წითელ მოედანზე სამხედრო აღლუმი იმართება, რომელსაც პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც ესწრება.