ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ გმობს 2008 წელს საქართველოში რუსეთის შემოჭრას და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენულობასა და ტერიტორიულ მთლიანობას.
ლატვიის საგარეო უწყებამ განცხადება Twitter-ით გაავრცელა.
„ჩვენ გვახსოვს და ვგმობთ 2008 წელს საქართველოში რუსეთის ცინიკურ შეჭრას და საქართველოს სუვერენულობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერას გამოვხატავთ. ამ ომმა შეცვალა რეგიონული უსაფრთხოების ლანდშაფტი სამხრეთ კავკასიაში და საქართველოს უდიდესი პოლიტიკური და ეკონომიკური ზიანი მიაყენა“ - წერია განცხადებაში.
#WeRemember and condemn the cynical Russian invasion of #Georgia in 2008, and express strong support to sovereignty & territorial integrity. This war changed the regional security landscape in #SouthCaucasus and inflicted immense political & economic damage in
V.Shlamov pic.twitter.com/kVIciiLFqH
2008 წლის 7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია მოჰყვა.
რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, მათი დიდი ნაწილი კვლავ დევნილია.
2008 წლის 12 აგვისტოს გაფორმდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელსაც რუსეთი ამ დრომდე არღვევს. 6-პუნქტიანი გეგმა, მათ შორის, იმასაც გულისხმობს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნდნენ მათი ჩვეულებრივი დისლოკაციის ადგილებში; თუმცა, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის გამო ეს ვერ ხერხდება. რუსეთი აგრძელებს მცოცავ ოკუპაციას, ავლებს მავთულხლართებს, იტაცებს მიწებს, მოსახლეობის საქონელს და თავად ადამიანებსაც.