სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი პურის ფასის შესაძლო ზრდასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და ბიზნეს ოპერატორებს მოუწოდებს, რომ პურის ფასი მიმდინარე პერიოდში არ უნდა გაძვირდეს.
მინისტრის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ხორბლის ფასის მცირე ცვლილება დაფიქსირდა, პურის გაძვირება არ მოხდება, რადგან სახელმწიფოს ეს ცვლილებები თავისი საკომპენსაციო პროგრამით აქვს დაზღვეული.
„ძალიან ბევრი საუბარი იყო ბოლო დღეებში პურის ფასის შესაძლო გაძვირებასთან დაკავშირებით. პურის ფასი არ უნდა გაძვირდეს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რასაც ჩვენ ვითვალისწინებთ. როდესაც ვსაუბრობთ საგანგებო მდგომარეობაზე, ეს მდგომარეობს გულისხმობს საგანგებო უფლებებსაც კონკრეტული ბიზნესოპერატორების მიმართაც და მკაცრად მინდა განვაცხადო, რომ დღეს პურის ფასი არ უნდა გაძვირდეს.
მიუხედავად იმისა, რომ ხორბლის ფასის მცირე მერყეობა დავინახეთ, ეს დროებით მოვლენაა და სახელმწიფოს თავისი საკომპენსაციო პროგრამით აქვს დაზღვეული.
იმპორტიორებს და ფქვილის მწარმოებლებს ვთავაზობთ რეჟიმს, რომლის მიხედვითაც მათ შეუძლიათ მიიღონ კომპენსაცია იმისთვის, რომ ფქვილის ფასი შეინარჩუნონ 10 მარტის მდგომარეობით, რათა შეინარჩუნონ ფქვილის ფასი პურის ინდუსტრიისთვის“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.