logo
ENG



ლელო: კუპრაძე უკანონოდ დააკავეს, პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა და მათზე იძალადა

17 აპრ 202410:32
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/17/ry69k0mtz66txgr.jpg

ლელო პარტიის გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ კუპრაძე მშვიდობიანი პროტესტის დროს უკანონოდ დააკავეს და მასზე ფიზიკურად იძალადეს.

პარტიის ცნობით, ის ამ დრომდე დროებითი დაკავების იზოლატორში იმყოფება და უცნობია, როდის ჩაინიშნება მისი სასამართლო პროცესი.

"ირაკლი კუპრაძე პოლიციამ სხვა მომიტინგეებთან ერთად მშვიდობიანი პროტესტის დროს უკანონოდ დააკავეს. როგორც დაკავებულები ჰყვებიან, პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა და დაკავებულებზე სასტიკად იძალადა. უმეტესობა ნაცემია, მათ შორის ირაკლი კუპრაძეც.

ლელოს გენერალური მდივანი ამ დრომდე დროებითი დაკავების იზოლატორში იმყოფება. როდის ჩაინიშნება სასამართლო მოსმენები და როდის გათავისუფლდებიან დაკავებული მომიტინგეები ჯერ-ჯერობით უცნობია. ამ წუთებში ლელოს იურისტი და ადვოკატი ლევან სამუშია პოლიციის მთავარი სამმართველოს დროებითი დაკავების იზოლატორში იმყოფება და დაკავებულების მდგომარეობას ეცნობა"- ნათქვამია განცხადებაში.

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე 16 აპრილს სპეცრაზმელები მოქალაქეებს და ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 11 ადამიანი.

რუსული კანონის განხილვა პარლამენტში 16 აპრილს დაიწყო. მისი მოსმენა 17 აპრილს, სიტყვით გამოსვლებით განახლდება. გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტი კანონს პირველი მოსმენით კენჭს 17 აპრილს უყრის.

მოქალაქეების პროტესტის მიუხედავად, ქართული ოცნება ამბობს, რომ კანონპროექტის გაწვევას არ აპირებს.

***

დაპირების მიუხედავად ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში - ახალ ვერსიაში "უცხოური გავლენის აგენტი" შეცვლილია "უცხოური ძალის ინტერესების გამტარბელით". 

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, მან დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა უკვე დაიმსახურა.


close დახურვა