პარტია ლელო გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ქართულმა ოცნებამ ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს უღალატა, დაარღვია კონსტიტუციის 78-ე მუხლი, სასტიკად დაარბია მშვიდობიანი აქცია.
პარტია ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე და აქციაზე დაკავებული ყველა მოქალაქე.
"ქართულ ოცნებას სურდა კანონპროექტზე, რომელიც საზოგადოებაში დიდ ვნებათაღელვას იწვევდა, სწრაფად ეყარა კენჭი და ამით გაენეიტრალებინა პროტესტი. მოხდა პირიქით. გვინდა ვუთხრათ ქართულ ოცნებას, რომ ბრძოლა ახლა იწყება და ამ ბრძოლას ჰქვია საქართველოს გათავისუფლებისათვის ბრძოლა.
საზოგადოებაში, ახალგაზრდებში ბრაზი ძალიან დიდია. ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ შეცვლის საქართველოს ისტორიულ არჩევანს. შექმნილ კრიზისულ ვითარებაში მხარს ვუჭერთ საზოგადოების მოთხოვნას, მმართველმა უმრავლესობამ დაუყოვნებლივ გაიწვიოს უკან პირველი მოსმენით მიღებული კანონი.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას: დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და გუშინდელ აქციაზე დაკავებული სხვა პირები; მივმართავთ სამოქალაქო საზოგადოებას, ოპოზიციურ ჯგუფებს, მედიას, გავაერთიანოთ ძალისხმევა, რათა: მოხდეს იმ 78 დეპუტატის მხილება, ვინც ხმა მისცა რუსულ კანონს. მოხდეს კანონის მხარდამჭერი დეპუტატების სანქცირება. შეიქმნას სამოქალაქო საზოგადოების და პოლიტიკური პარტიების სპეციალური ჯგუფი, რომელიც იმუშავებს დასავლელ პარტნიორებთან კანონის მხარდამჭერების სანქცირების საკითხზე.
ბრძოლა გაგრძელდეს კონსტიტუციის ფარგლებში, მასიური და უწყვეტი ფორმით, ეს ბრძოლის გრძელვადიანი პროცესია. ახლა ერთიანობის დროა, ერთად ვიბრძოლოთ საქართველოს ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.
ქართულმა ოცნებამ 7 მარტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 7 მარტს დილის 09:30 საათიდან შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც რუსული კანონის განხილვას აპროტესტებდნენ. აქტივისტები მას შემდეგ დაიშალნენ, რაც ცნობილი გახდა, რომ კანონს 9 მარტს განიხილავდნენ. თუმცა მამუკა მდინარაძის ინიციატივით, კანონი პლენარულ სხდომაზე ხუთშაბათის ნაცვლად გუშინვე განიხილეს.
განხილვის დაწყებისთანავე მოსახლეობა კვლავ პარლამენტთან შეიკრიბა. მას შემდეგ, რაც ოცნებამ, პირველი მოსმენით, რუსული კანონპროექტის მიღებას მხარი დაუჭირა ტერიტორიაზე ვითარება გამწვავდა.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ეზოში სპეცრაზმი იყო მობილიზებული. ასევე, მობილიზებული იყო წყლის ჭავლის მანქანა.
აქტივისტების რაოდენობის გაზრდის შემდეგ, პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზის გამოყენება დაიწყო, ასევე გაუშვა წყლის ჭავლი.
პროტესტის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთი განცხადება გაავრცელა და ირწმუნებოდა, რომ აქციაზე, სადაც მოქალაქეებს არბევდნენ, "პროპორციული ძალა გამოიყენეს".
შსს-ს ინფორმაციით, დააკავეს 66 მოქალაქე, მათ შორის გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე. ადვოკატის ცნობით, ჯაფარიძე ნაცემია და ხელკეტების რტყმისგან დაზიანებები აქვს თავზე.