შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქუთაისში 1993 წელს დაბადებული პირი პარტია ლელოს წევრზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
უწყების ცნობით, გუშინ, 13 ოქტომბერს ბრალდებულმა, ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ლელოს წევრს.
შსს-ს განცხადებითვე, დაშავებულ კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. დანაშაული 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ქუთაისში ლელოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანა ნაცვლიშვილი ფორმულასთან საუბარში აცხადებს, რომ ლელოს შტაბის წევრს თვალში კასტეტი ჩაარტყეს. მანვე განაცხადა, რომ ძალადობაში პირდაპირ ქართულ ოცნებას, ხელისუფლებას ადანაშაულებს.
"ეს პირველი შემთხვევა არაა, რომ ლელოს მხარდამჭერებსა და აქტიურ წევრებზე მათ შორის ფიზიკური ანგარიშსწორება ხდება", - ამბობს ნაცვლიშვილი.
მისი თქმით, ლელოს წევრებზე მაშინ ხდება თავდასხმა, როდესაც პარტიის საქმიანობა წარმატებული ხდება.