logo
ENG



ლენტეხის მუნიციპალიტეტი საკარანტინო ზონად გამოცხადდა

10 აპრ 202018:58
3 წუთის საკითხავი
 

ლენტეხის მუნიციპალიტეტი საკარანტინო ზონად გამოცხადდა. ამის შესახებ განცხადება პრემიერ მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა გააკეთა.

ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, მიღებული გადაწყვეტილების მთავარი მიზანი ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციაა. მისივე განცხადებით, აუცილებელია თითოეულმა მოქალაქემ დაიცვას რეკომენდაციები და დაემორჩილოს შეზღუდვებს. 

ჩიქოვანის თქმით, ლენტეხის მოსახლეობა ყველა საჭირო პროდუქტით იქნება უზრუნველყოფილი. ის მედიის მუშაობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ლენტეხის მუნიციპალიტეტში მხოლოდ ადგილობირვი მედიასაშუალებები გააგრძელებენ ფუნქციონირებას, ხოლო სხვა მედიასაშუალებებს საშუალება ექნებათ გამოიყენონ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მოწოდებული მასალა.

ეპიდემიოლოგების და მედიკოსების რჩევით, ასევე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ლენტეხის რაიონი გამოცხადდეს სრულ საკარანტინო ზონად. ლენტეხის რაიონში ამოქმედდება ზუსტად ის რეჟიმი, რა რეჟიმიც მოქმედებს მარნეულსა და ბოლნისში.

ჩვენ გვინდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს შიდა გავრცელება და არ მოხდეს ამ კერის უფრო გაფართოება. საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების გარდა, ლენტეხში აკრძალული იქნება შესვლა და გამოსვლა. მხოლოდ და მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას ექნება საშუალება გადაადგილდეს იმ აუცილებელი საჭიროებებისათვის, როგორიც არის საკვების და მედიკამენტების შეძენა, ან სამედიცინო მომსახურეობის მიღება.

ისევე როგორც მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში, სპეციალური პროტოკოლის გათვალისწინებით და სპეციალური რეჟიმის დაცვით, ამ რაიონის მოსახლეობას საშუალება ექნება აწარმოონ საგაზაფხულო სამუშაოები. 

ლენტეხის რაიონში მუშაობას ადგილობრივი მედიასაშუალებები გააგრძელებენ, ხოლო სხვა მედიასაშუალებებს საშუალება ექნებათ გამოიყენონ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მოწოდებული მასალა. ბოლნისისა და მარნეულის მსგავსად ლენტეხის რაიონის შესასვლელ და გამოსასვლელ პუნქტებს გააკონტროლებს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს თავდაცვის ძალები.

ლენტეხში უკვე დაწყებულია პროაქტიული თერმო-სკრინინგი, რომელშიც მონაწილეობენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სამედიცინო პერსონალი. მოხდება თითოეული მოქალაქის შემოწმება და შესაბამისად გამოვლენა, ვინაიდან იცით, რომ ამ ღონისძიებებმა დადებითი ეფექტი გამოიღეს ბოლნისისა და მარნეულის შემთხვევაში. 

უზრუნველყოფილი იქნება ყველა ის საჭიროება, რომელიც მუნიციპალიტეტის მოსახლეობას აქვს საკვები პროდუქტების თვალსაზრისით. არანირი ფორმით არ შეფერხდება ამ მუნიციპალიტეტისთვის საკვები პროდუქტების მიწოდება. ამ ყველაფერს კოორდინაციას, საკოორდინაციო საბჭოს ოპერაციული შტაბი და პრემიერ მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი გაუწევს“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. 

შეგახსენებთ, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მელეში სტუმრად ახალი კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცი იმყოფებოდა. ის მკურნალობის კურსს თბილისში გადის.


close დახურვა