ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით სამი რაკეტა ისროლეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ჯერჯერობით უცნობია, დგას თუ არა ამ იერიშის უკან რომელიმე დაჯგუფება, მათ შორის ჰეზბოლა.
3 რაკეტის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის სამინისტროც ადასტურებს. უწყებაში ამბობენ, რომ რაკეტების ჩამოგდებას არც მსხვერპლი და არც ნგრევა მოჰყოლია, რადგან ისინი ზღვაში ჩავარდა.
ბოლო მონაცემებით, ისრაელში 7 ადამიანი დაიღუპა, პალესტინაში კი 83 ადამიანი.
12 მაისის ღამით პალესტინელ სამხედროებსა და ისრაელის შეიარაღებულ ძალებს შორის ორმხრივი ცეცხლისა და სამხედრო კონფლიქტის ესკალაციის პარალელურად, არაბებით დასახლებულ ებრაულ ქალაქებში ლოდსა და რამლაში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, რომელიც, ადგილობრივი მედიის ცნობით, ძალადობასა და არეულობაში გადაიზარდა. ვითარება განსაკუთრებით გამწვავდა ქალაქ ლოდში, სადაც არაბები ადგილობრივი მოსახლეობის 30%-ს შეადგენენ. მედია იუწყება, რომ დემონსტრანტები თავს ესხმიან და არბევენ სინაგოგებს, სავაჭრო ობიექტებს და წვავენ ავტომობილებს.
ლოდის მერმა, იაირ რევივომ ქალაქში შექმნილ ვითარებას სამოქალაქო ომი უწოდა და განაცხადა, რომ ქუჩებში "არაბული ბანდები" დათარეშობენ და სინაგოგებსა და ავტომობილებს წვავენ.
შექმნილი ვითარების გამო, პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და თავდაცვის მინისტრმა ბენი განცმა ლოდში სასაზღვრო პოლიციის ბატალიონები გაგზავნეს, გადაწყვეტილება ქალაქის მერის მოთხოვნამ განაპირობა - რევივომ პრემიერმინისტრს არეულობასთან გასამკლავებლად სამხედრო დახმარებისთვის მიმართა.
11-12 მაისის ღამით ცენტრალურ ისრაელში უპრეცენდენტო მასშტაბის სარაკეტო თავდასხმები ხორციელდებოდა, ადგილობრივი მედიის ცნობით, საბრძოლო რაკეტას ემსხვერპლა ისრაელის ერთი მოქალაქე, ათობით მცხოვრები კი მძიმედ დაშავდა.
პალესტინელმა სამხედროებმა დაბომბეს ეილათ-აშკელონის გაზსადენი, ქალაქ ხოლონში კი ჭურვი მოხვდა სამგზავრო ავტობუსსაც.
ისრაელის შეიარაღებულ ძალებსა და პალესტინელ სამხედროებს შორის ორმხრივი ცეცხლი მეორე დღეა არ წყდება, ისლამისტურმა დაჯგუფებამ, ჰამასმა ისრაელის დედაქალაქ თელ-ავივის მიმართულებით 130 სარაკეტო თავდასხმა განახორციელა.
ისრაელის ხელისუფლებამ საგანგებო სირენების დახმარებით მოსახლეობის გაფრთხილება დაიწყო, ისლამისტური დაჯგუფების მხრიდან მუქარის განხორციელების შემდეგ დროებით შეწყდა ყველა ფრენა თელავივის მიმართულებით, თუმცა რამდენიმე საათლში აეროპორტები კვლავ გაიხსნა.
თელ-ავივის დაბომბვამდე რამდენიმე საათით ადრე ისრაელის სამხედრო ძალებმა ღაზის სექტორის დაბომბვისას საცხოვრებელი შენობა სარაკეტო თავდასხმით გაანადგურეს, ისლამისტურმა დაჯგუფებამ თავდასხმისთანავე გაავრცელა მუქარა, რომ საპასუხოდ ისრაელის დედაქალაქს დაბომბავდა.
საქართველოს საელჩომ ისრაელში მოქალაქეებს თავდაცვის ზომების მიღებისკენ და უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მოუწოდა.
სამხედრო შეტაკებების განახლებას პალესტინელებსა და ისრაელის სამართალდამცველებს შორის მრავალსაათიანი დაპირისპირება უსწრებდა წინ. განსაკუთრებით მწვავე შეტაკებები მოხდა ალ-აკსას მეჩეთში, რომელიც ებრაელებისა და მუსლიმებისთვის საზიარო წმინდა ადგილია.
ჰამასმა ისრაელს სამართალდამცველების ადგილიდან გაყვანის ულტიმატუმი წაუყენა, სამხედრო კონფლიქტი კი ისრაელის მხრიდან ულტიმატუმის შეუსრულებლობის შემდეგ განახლდა.