logo
ENG



ლიეტუვა: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გადადგას ნაბიჯები კონსენსუსის მისაღწევად

19 მარ 202117:16
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/19/2463g2eqpmrsoau.jpg

ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად გამართული მოლაპარაკებების ჩავარდნას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ქვეყნის მთავრობამ დამატებითი ნაბიჯები უნდა გადადგას, რათა კონსენსუსი შედგეს. 

როგორც უწყების განცხადებაშა აღნიშნული, ისინი შეშფოთებული არიან იმით, რომ პროგრესი მიღწეული არ არის.

"ვწუხვართ, რომ საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართულ მოლაპარაკებებში პროგრესი არ არის. ფართო პოლიტიკური კონსენსუსი და ინკლუზიური დიალოგი გასაღებია საქართველოს ევროკავშირისკენ სვლისა და დემოკრატიის დაცვისკენ. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გადადგას დამატებითი ნაბიჯები იმისათვის, რომ კონსენსუსს მიაღწიონ", - წერია განცხადებაში, რომელიც საგარეო უწყების Twitter-ის გვერდზე გავრცელდა. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის 9-საათიანი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

შეხვედრის შემდეგ დანიელსონმა აღნიშნა, რომ გარკვეულ საკითხებზე პროგრესი არსებობს, თუმცა არის საკითხები, რომლებზეც კონსენსუსი მიღწეული არ არის. 

დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და არაერთხელ შეხვდა როგორც ოცნებას, ისე ოპოზიციურ პარტიებს. 

მანამდე, საქართველოში თავად შარლ მიშელი ჩამოვიდა. მან 6-პუნქტიანი დოკუმენტი წარადგინა, რომელიც ხელისუფლებას და ოპოზიციას უნდა განეხილათ. მათ შორის იყო რიგგარეშე არჩევნებისა და პოლიტიკური პატიმრების საკითხი. 

 

close დახურვა