logo
ENG



ლიეტუვა დღეიდან რუსეთიდან ნავთობის, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის იმპორტს წყვეტს

22 მაი 202214:06
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/22/veu5ahhdxjd4bh7.jpg

ლიეტუვა რუსეთიდან ენერგორესურსების, კერძოდ ნავთობის, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის იმპორტს წყვეტს. ამის შესახებ ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა.

სამინისტროს ცნობით, ლიეტუვა 22 მაისიდან მთლიანად შეწყვეტს რუსეთიდან ენერგორესურსების მიღებას.

ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, პან-ევროპულმა ელექტროენერგიის გაცვლითმა ორგანიზაციამ Nord Pool-მა გადაწყვიტა, რომ ელექტროენერგიით ვაჭრობას შეწყვეტს რუსეთის ერთადერთ იმპორტიორთან ბალტიის ქვეყნებში - RAO-სთან,  რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა 22 მაისის შემდეგ რუსეთისგან ენერგორესურსებს აღარ მიიღებს.

სამინისტროს განცხადებით, ეს ნაბიჯი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისკენ სწრაფვის გარდა უკრაინისადმი სოლიდარობის გამოხატვასაც ემსახურება.

„ეს არამხოლოდ ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა ლიეტუვისთვის საკუთარ ენერგოდამოუკიდებლობის გზაზე, არამედ უკრაინისადმი ჩვენი სოლიდარობის გამოხატულებაცაა. ჩვენ უნდა შევწყვიტოთ რუსული ომის მანქანის დაფინანსება“- განაცხადა ლიეტუვის ენერგეტიკის მინისტრმა დაინიუს კრეივისმა.

ლიეტუვის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა უკრაინის პარლამენტის ვიცე-სპიკერი ოლექსანდრ კორნიენკო და განაცხადა, რომ ლიეტუვა უკრაინის მხარდამჭერებისთვის რუსეთის ენერგორესურსებისგან დამოუკიდებლობის მაგალითია. 


close დახურვა