ლიეტუვამ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ, ხოლო რუსული არმიის ქმედებები უკრაინაში უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. რეზოლუციას მხარი 128 დეპუტატმა დაუჭირა, მის წინააღმდეგ ხმა არავის მიუცია.
რეზოლუციაში წერია, რომ რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქებში ომის დანაშაულები ჩაიდინეს, მათ შორის ბუჩასა და მარიუპოლში. ამასთან, ასევე წერია, რომ ყველა დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს მომხდარის გამო.
"ლიეტუვამ რუსეთის ქმედებები უკრაინაში უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა! მადლობას ვუხდი სეიმის სპიკერს, ვიქტორია ჩმილიტე-ნილსენს და ყველა დეპუტატს ამ ისტორიული გადაწყვეტილების ერთხმად მიღებისთვის,” - განაცხადა რადას თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა.
მისივე განცხადებით, ლიეტუვის პარლამენტმა ასევე გადაწყვიტა, რომ ლიეტუვა მონაწილეობას მიიღებს რუსი სამხედრო დამნაშავეების პასუხისმგებლობის დაკისრებაში საერთაშორისო ტრიბუნალის მეშვეობით.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. რუსმა სამხედროებმა დახოცეს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა 10 მილიონზე მეტი ადამიანი.
რუსეთი უკრაინაში შეჭრას ომს არ უწოდებს და მას "სპეციალურ სამხედრო ოპერაციად" მოიხსენიებს.