ევროკავშირში გაწევრიანებიდან 20 წლისთავთან დაკავშირებით ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის პრეზიდენტები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
გიტანას ნაუსედა, ალარ კარისი და ედგარს რინკევიჩსი განცხადებაში აღნიშნავენ, რომ ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებამ ძირეულად შეცვალა ამ ქვეყნების გეოპოლიტიკური ლანდშაფტი და განსაზღვრა მათი მომავალი.
მათ ასევე დასძინეს, რომ ევროგაერთიანებაში წევრობით ამ სამმა სახელმწიფომ მიაღწია მზარდ ეკონომიკურ ზრდას, სტაბილურობასა და უსაფრთხოებას.
"ჩვენმა წევრობამ ევროკავშირში გადამწყვეტი როლი ითამაშა ეკონომიკური ზრდის სტიმულირებაში. ევროკავშირში გაწევრიანებამ მოგვცა მარტივი წვდომა 450 მილიონი მომხმარებლის მქონე ბაზარზე, გახსნა ახალი შესაძლებლობები ჩვენი ბიზნესისთვის, გაზარდა ექსპორტი და ხელი შეუწყო უცხოური ინვესტიციების მოზიდვას.
შედეგად, ჩვენი ეკონომიკა გაფართოვდა მანამდე უცნობ დონემდე. დღეს, ბალტიისპირეთის სამი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 160 მილიარდ ევროს აღემატება - თითქმის ოთხჯერ მეტი, ვიდრე სულ რაღაც ორი ათწლეულის წინ. ბოლო ოცი წლის განმავლობაში მოხდა ცხოვრების დონის მნიშვნელოვანი და ინკლუზიური ცვლილება. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ბალტიისპირეთში 2004 წლიდან ექვსჯერ გაიზარდა", - წერია ერთობლივ განცხადებაში.
პრეზიდენტებმა თავდაცვის სფეროს შესახებაც ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, ბოლო 20 წლის განმავლობაში, შეძლეს და ევროკავშირისა და ტრანსატლანტიკური კოლექტიური თავდაცვის ძლიერი კონტრიბუტორები გახდნენ. მითუმეტეს, რუსეთთან მათი სიახლოვის გამო. მათ ასევე არ გამორიცხეს, რომ გაიზრდება თავდაცვის ხარჯებიც.
"ჩვენ აღვნიშნავთ ევროკავშირში გაწევრიანების 20 წლის იუბილეს იმ დროს, როდესაც რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ შეგვახსენებს, რომ მშვიდობა ევროპაში გარანტირებულ მოცემულობად არ უნდა იყოს აღქმული. NATO რჩება ჩვენი კოლექტიური თავდაცვისა და უსაფრთხოების საფუძვლად. ამავდროულად, ევროკავშირის დამატებითი ძალისხმევა შეუცვლელია ევროპაში უსაფრთხოების არქიტექტურის გასაძლიერებლად. უაღრესად მნიშვნელოვანია ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის ინდუსტრიის, მზადყოფნისა და შესაძლებლობების გაძლიერება. ჩვენ გავაგრძელებთ მშვიდობისა და სტაბილურობისკენ სწრაფვას მთელ ევროატლანტიკურ სივრცეში.
ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ საერთაშორისო მხარდაჭერა რჩება გადამწყვეტ ფაქტორად უკრაინის გამარჯვების მიღწევის საკითხში. უკრაინა დღეს იცავს ჩვენს დემოკრატიულ ღირებულებებს. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ჩვენს ძალისხმევაზე, მხარი დავუჭიროთ უკრაინას, დავიცვათ ნორმებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგი", - წერია განცხადებაში.
პრეზიდენტები აღნიშნავენ, რომ უკრაინელები, მოლდოველები და ქართველები ევროპული ღირებულებებისთვისა და ევროპული ოჯახისთვის იბრძვიან და გამოხატეს მხარდაჭერა იმ ხალხების მიმართ, რომლებიც "ევროპულ ღირებულებებს და ერთად ყოფნის სურვილს" იზიარებენ.
"ჩვენ მხარს დავუჭერთ ასპირანტ ქვეყნებს ევროინტეგრაციის გზაზე ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობამდე. ჩვენ მოვუწოდებთ მოიწვიოთ მთავრობათაშორისი კონფერენციები უკრაინასა და მოლდოვასთან და დაიწყოთ გაწევრიანების მოლაპარაკებები 2024 წლის ივნისში. ევროკავშირის გაფართოება აღმოჩნდა გაერთიანების პოლიტიკის სტრატეგიული ინვესტიცია, რომელიც ხსნის ამოუწურავ პოტენციალს. ბალტიისპირეთის ქვეყნები შესანიშნავი მტკიცებულებაა იმისა, თუ როგორ აძლიერებს ევროკავშირში გაწევრიანებას შთამბეჭდავი მოდერნიზაცია და ეკონომიკური პროგრესი, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს ამ ინვესტიციების დაბრუნებას. ეს არის ჩვენი რეალობა, რომლის გაზიარებაც გვინდა.
გაფართოება არის გეოპოლიტიკური აუცილებლობა და ისტორიის მოწოდება ევროკავშირისთვის. ევროკავშირის გაფართოება უპირველეს ყოვლისა არის თავისუფლება, დემოკრატია და ადამიანის ღირსება. ეს არის კავშირის მთავარი გეოპოლიტიკური ინსტრუმენტი ევროპის კონტინენტზე მშვიდობისა და უსაფრთხოების პროექციისა და ავტორიტარული რეჟიმების საფრთხეების წინააღმდეგ. ის გვაძლიერებს გლობალურად. გარდა იმისა, რომ გაცილებით დიდი ერთიანი ბაზარი გვთავაზობს ახალ შესაძლებლობებს ჩვენი ბიზნესებისთვის, გაფართოების წარმატება ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებშია. უფრო ღრმა, ფართო და უფრო ქმედუნარიანი ევროკავშირი, რომელიც ამოიღებს დარჩენილ ნაცრისფერ ზონებს ევროპის რუკაზე.
მოახლოებული ევროპული არჩევნები მილიონობით ევროპელს აძლევს შანსს ჩამოაყალიბონ ევროპის მომავალი. ჩვენი კოლექტიური გადაწყვეტილება უნდა დაგვეხმაროს ერთად შევქმნათ ჩვენი მშვიდობიანი და აყვავებული ევროპული მომავალი!", - წერია პრეზიდენტების ერთობლივ განცხადებაში.