logo
ENG



ლიეტუვის სეიმმა რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებს უკრაინაში ომის გამო სანქციები დაუწესა

20 აპრ 202323:54
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/20/liu2l7ff84n3au4.jpg

ლიეტუვის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებს უკრაინაში ომის გამო სანქციებს უწესებენ.

ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ კანონის ამ ვერსიას, რომლის მიხედვითაც რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისადმი სანქციები სხვადასხვა დოზით გავრცელდება, ვეტო დაადო, თუმცა ლიეტუვის სეიმმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო.

სეიმის 99-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონის მიღებას იმ შესწორებების გარეშე, რაც მათ პრეზიდენტმა შესთავაზა. 7 დეპუტატი მოწინააღმდეგე იყო, 2-მა კი თავი შეიკავა.

კანონის საბოლოო ვერსიის მიხედვით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის გამო 2023 წლის 2 მაისიდან 2024 წლის 3 მაისამდე რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეები ვერ აიღებენ ლიეტუვის ვიზას, ბინადრობის ელექტრონულ სტატუსს და ასევე აეკრძალებათ უკრაინული ვალუტის, გრივნას იმპორტი.

ამ კანონით რუსეთის მოქალაქეებს ასევე ურთულდებათ ლიეტუვაში უძრავი ქონების შეძენა და მათ განაცხადებს ლიეტუვაში ბინადრობის ნებართვაზე დროებით არ მიიღებენ.

კანონპროექტი პარლამენტს ლიეტუვის ხელისუფლებამ წარუდგინა. თავდაპირველ ვერსიაში იზღუდებოდა რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა და ასევე რუსეთის მოქალაქეებს შეეზღუდებოდათ ქვეყანაში შესვლა.

სეიმმა სანქციების სიას დაამატა სხვა სანქციებიც, თუმცა დაუშვა გამონაკლისები ბელარუსის მოქალაქეებისთვის. პრეზიდენტმა კანონს ვეტო სწორედ ამის გამო დაადო, მისი აზრით სანქციები ორივე ქვეყნის მოქალაქეებზე ერთნაირად უნდა ვრცელდებოდეს, რადგან, მისი თქმით, ბელარუსი, როგორც რუსეთი, უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიაში მონაწილეობს და ის ლიეტუვის ეროვნული ინტერესებისთვის იმაზე დიდ საფრთხესაც კი წარმოადგენს, ვიდრე რუსეთი.

"მე ნამდვილად მესმის ის საფრთხეები, რასაც ეს ორი ქვეყანა უქმნის ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას, მაგრამ მე ნამდვილად არ შემიძლია ტოლობის ნიშანი დავსვა რუსეთსა და ბელარუსს შორის. რუსეთი ჩვენ მიერ აღიარებულია აგრესორად, სახელმწიფოდ, რომელიც ტერორიზმს უჭერს მხარს, ის პირდაპირ დაესხა თავს უკრაინას" - განაცხადა იონას ჯარუტისმა, პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის წევრმა.

მიღებული კანონის მიხედვით, ლიეტუვის ვიზაზე რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეების განაცხადების მიღება წყდება გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვიზის განაცხადზე შუამავალი ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო იქნება. მოსკოვისა და მინსკის რეჟიმების მიერ სამართლებრივად დევნილ ადამიანებს კვლავ ექნებათ ლიეტუვაში ჩასვლის შესაძლებლობა.

მომავალი წლის მაისამდე კი რუსეთის მოქალაქეები ვერ მიიღებენ ლიეტუვაში დროებითი ბინადრობის უფლებას. ეს შეზღუდვა არ იმოქმედებს ბელარუსის მოქალაქეებზე.


close დახურვა