სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის თქმით, სანქცირებულმა ოთარ ფარცხალაძემ საქართველო გამოკითხვიდან მეორე დღესვე დატოვა. ამის შესახებ კომენტარი მან პარლამენტში ანგარიშის წარდგენის შემდეგ მედიასთან გააკეთა.
როგორც ლილუაშვილი ამბობს, ფარცხალაძე გამოძიების დაწყების მეორე დღესვე გამოიკითხა.
"სისხლის სამართლის საქმის გამოძიების დაწყებიდან მეორე დღესვე გამოიკითხა და არა დაიკითხა, იმიტომ, რომ გამოკითხვის უფლება გვაქვს სამსახურს მოქმედი კანონმდებლობით. და მინდა, გითხრათ, რომ მის მიერ გამოკითხვის რეჟიმში მოწოდებული ინფორმაცია არაფრით განსხვავდება ინფორმაციისგან, რომელიც მან განათავსა საჯარო სივრცეში. ყველა საგამოძიებო მოქმედება გამოძიების გეგმის მიხედვით გაიწერა, მათი უმეტესი ნაწილი შესრულებულია, ნაწილი შესრულების პროცესშია [...] ბატონმა ოთარ ფარცხალაძემ დატოვა საქართველო გამოკითხვიდან მეორე დღეს.
[...] მან დატოვა საქართველოს საზღვარი, საით გაფრინდა და საით გაფრინდება, პერსონალური ინფორმაციაა, შეიძლება სხვა ქვეყანაში გაფრინდა, შეიძლება, რუსეთის ფედერაციაში", - თქვა მან.
მისი თქმით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის 319-ე მუხლის მიხედვით, რაც მტრულ საქმიანობაში უცხო ქვეყნის დაქვემდებარებული ორგანიზაციების დახმარებას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე სასჯელს ითვალისწინებს.