სუს-ის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი ყოფილ გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ მისი უახლოეს პირთა წრის გამოკითხვები გრძელდება.
"გრძელდება გამოკითხვები პირთა წრისა, რომელიც შესაძლო შემხებლობაში შეიძლება ყოფილიყვნენ მასთან, ეს არის უახლოესი პირთა წრე, ასევე, ის წრე, რომელთანაც საქმიანი, ან პირადი ურთიერთობა... ანუ, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება, ყველა იმ სტანდარტით, რასაც ითვალისწინებს კანონმდებლობა", - აცხადებს ლილუაშვილი.
14 სექტემბერს აშშ-მა ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში სანქციები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ რუსეთს უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენის მოსახდენად იყენებდა.
18 სექტემბერს, სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს მის საკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდა.
ოთარ ფარცხალაძე საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობას 2013 წლის 7 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე იკავებდა.
ფარცხალაძისთვის სანქციები დაწესებულია უკრაინაში ომის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში. სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში ფარცხალაძე "ქართველ-რუს ოლიგარქად" არის მოხსენიებული და წერია, რომ რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობს.