შურ ლინდერბრექეს სახელობის პრიზის კომიტეტის ხელმძღვანელი იანა ჰოლანდ მატლარი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პასუხობს.
მან ფორმულას კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ ბრეივიკთან შედარება პოლიტიკური მოწინააღმდეგის მიმართ უპატივცემულობაა. მატლარმა ისაუბრა მიზეზებზეც, რატომ მიანიჭეს სააკაშვილს ეს პრიზი.
"თუ ვინმე ადარებს პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს ბერინგ ბრეივიკს, ამით ის აბსოლუტურ უპატივცემულობას გამოხატავს პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მიმართ. პრიზის მინიჭების ერთ-ერთი მიზეზია ხაზგასმა, რომ პოლიტიკურ ოპონენტებს დემოკრატიულ ქვეყანაში უნდა ჰქონდეთ სრული თავისუფლება, იმოქმედონ, როგორც ოპოზიციამ, მათ შორის გარანტირებული ჰქონდეთ პირადი უსაფრთხოება. კიდევ ერთი მიზეზი არის ჰუმანიტარული: ადამიანის ფუნდამენტური და ეთიკური უფლება, საჭიროების შემთხვევაში, მიიღოს სამედიცინო მკურნალობა, მიუხედავად იმისა, ვინ არის - მეგობარი თუ მტერი, პატიმარი თუ თავისუფალი ადამიანი. პრეზიდენტ მაკრონის, ევროპარლამენტის, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის, "ემნესთისა" და "ჰუმან რაითს ვოჩის" და სხვა მრავალის მსგავსად, ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ ეს გადაუდებელი საკითხია", - თქვა მან.
25 მარტს ნორვეგიაში, კონსერვატორული პარტიის კონგრესზე მიხეილ სააკაშვილს დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებში შურ ლინდერბრექეს სახელობის პრიზი გადაეცა, სწორედ ამას გამოეხმაურა გუშინ, 27 მარტს ღარიბაშვილი და თქვა, რომ ეს იგივეა, სხვა ქვეყანამ ბრეივიკი დააჯილდოვოს. მან სააკაშვილი ბრეივიკს შეადარა.
ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა ნორვეგიის ელჩი საქართველოში ჰელენ სანდ ანდრესენი. მისი თქმით, ის ღარიბაშვილის განცხადებით გაოგნებულია.
"გაოგნებული ვარ ტერორისტ ბერინგ ბრეივიკთან შედარებით, რაც მე უაღრესად უადგილოდ მიმაჩნია", - თქვა ელჩმა.