ლიტერატურული კონკურსი ლიტერა ჟიური მესამე წევრმა ოქტაი ქაზუმოვმაც დატოვა.
ქაზუმოვი facebook-ზე წერს, რომ მწერალთა სახლი საფრთხის ქვეშაა და მის დასაცავად ბრძოლაა საჭირო.
"მწერალთა სახლი საფრთხის ქვეშაა და იმედი მაქვს ყველა მოპროტესტე მის დასაცავად მის კიბეებზე გაათენ-დააღამებს ისეთივე მონდომებით, როგორც ახლა იბრძვის სამართლიანად კულტურისგან ასიათასი მილით შორს მყოფი "მილისტის" წინააღმდეგ. მეც ვტოვებ ჟიურის", - წერს ქაზუმოვი.
კონკურსი ლიტერა დღეს ჟიურის კიდევ ორმა წევრმა დატოვა.
ლიტერას პრემია 2015 წლიდან არსებობს. დღეს ცნობილი გახდა, რომ წელს პირველად ლიტერატურული პრემია ლიტერას ჟიურის 5 წევრიდან 4 წევრი მწერალთა სახლმა შეარჩია, ხოლო ერთი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ.
დღეს, 29 ივლისს, ლიტერას კონკურსანტებმა კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს მიმართეს, რომ სამინისტროს მიერ დანიშნული წევრი გაიწვიონ.
როგორც ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, ლიტერა სახელმწიფო პრემიაა და მისი ჟიურის თავისუფლების, მიუკერძოებლობისა და პროფესიონალიზმის ხარისხი, კითხვის ნიშნის ქვეშ არ შეიძლება დადგეს.
ჟიურის შემადგენლობაში ცვლილებისა და მინისტრ თეა წულუკიანის გამო მწერლების ნაწილმა საკუთარი წიგნი კონკურსიდან მოხსნა.