სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, საქართველოს კონსტიტუციით გამოხატვის თავისუფლება დაცულია და როგორც პრაიდს, ასევე კონტრაქციას უფლება აქვს გამოხატოს თავისი სათქმელი, ოღონდ მშვიდობიანი ფორმით.
ლომჯარიას თქმით, იმ შემთხვევაში თუ გარკვეული პირები სხვების გამოხატვის თავისუფლებაში ჩაერევიან, სამართალდამცავ უწყებებს ამაზე რეაგირება უნდა ჰქონდეთ.
"საქართველოს კონსტიტუცია ყველა პირს აძლევს უფლებას, რომ მშვიდობიანი ფორმით გავიდეს ქუჩაში და თქვას თავისი სათქმელი და ისარგებლონ შეკრების და გამოხატვის თავისუფლებით. შესაბამისად, როგორც პრაიდს, ასევე კონტრაქციასაც აქვს უფლება გამოხატოს თავისი სათქმელი, ოღონდ ეს უნდა იყოს მშვიდობიანი. იმ შემთხვევაში თუ ცალკეული ჯგუფი შეეცდება, რომ ჩაერიოს სხვის გამოხატვის თავისუფლებაში ან ხელი შეუშალოს შეკრებას, ეს იქნება სამართალდარღვევა და სამართალდამცავმა უწყებებმა უნდა მოახდინონ ამ ყველაფერზე რეაგირება", - განაცხადა ლომჯარიამ.
1-ლიდან 5 ივლისის ჩათვლით თბილისში ღირსების კვირეული ტარდება. 5 ივლისს რუსთაველის მეტროსთან დაგეგმილია მსვლელობა - ღირსების მარში.
ჰომოფობიური და სიძულვილის ჯგუფები გეგმავენ, 4 ივლისის ღამით მეტრო რუსთაველთან კარვები გაშალონ და პრაიდს ხელი შეუშალონ.
საკითხთან დაკავშირებით, გუშინ, 28 ივნისს 28 ევროპარლამენტარმა განცხადება გაავრცელა და საქართველოს შს მინისტრს და ხელისუფლებას მოუწოდა, Tbilisi Pride-ის მონაწილეები ეფექტურად და სათანადოდ დაიცვან, უზრუნველყონ მათი გამოხატვის და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უნივერსალური უფლების დაცვა.