logo
ENG



ლომჯარია: რატომ უკვირს ოცნებას, რომ ქართველები, შესაძლოა ნეგატიურად განეწყონ ზოგი რუსისადმი

05 აგვ 202213:05
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ფორმულა/ვახო ქარელი

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ მას საქართველოში რუსეთის მოქალაქეებისადმი ქსენოფობიის ფაქტების მტკიცებულებები არ აქვს.

ლომჯარიას თქმით, ქსენოფობია, მითუმეტეს ძალადობრივი ფორმებით, მიუღებელია და ასეთ ფაქტებზე ინფორმირების შემთხვევაში სახალხო დამცველის აპარატი ყველა შემთხვევას შეისწავლის. თუმცა ამ დროისთვის, მისი თქმით, ომბუდსმენს არ აქვს ინფორმაცია კობახიძის ნმიერ ნახსენები ქსენოფობიის შემთხვევების შესახებ.

„კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ქსენოფობია, რა თქმა უნდა, არის აბსოლუტურად მიუღებელი, მითუმეტეს აგრესიული ფორმებით თუ ფიზიკური დაპირისპირება განსხვავებული წარმოშობის ადამიანების მიმართ. ასეთ ყველა შემთხვევას სახალხო დამცველი ყოველთვის ეხმაურებოდა და გამოეხმაურება და დაგმობს, თუკი იარსებებს ასეთი პრობლემა. თუკი კობახიძეს აქვს კონკრეტული ფაქტები, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მომართოს სახალხო დამცველს და ჩვენ შეგვიძლია შევისწავლოთ ეს საქმე. ამ წუთას მე არ მაქვს კონკრეტული მტკიცებულებები და ვერ დავადასტურებ. ჩვენ არასდროს მოგვრიდებია არცერთ არაპოპულარულ თემაზე მსგავსი განცხადებების გაკეთება. მე არ მაქვს ნამდვილად ინფორმაცია, რომ ქსენოფობია არის“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

საქართველოს სახალხო დამცველმა ასევე განაცხადა, რომ მისთვის გასაკვირია, რატომ უკვირთ მმართველი პარტიის წევრებს, რომ საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის ხელისუფლებისა და მისი იმ მოქალაქეების მიმართ, ვინც, შესაძლოა, საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდნენ ან მომავალში იბრძოლონ, უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ. მისი თქმით, ქართველების უკმაყოფილება ამ კუთხით ბუნებრივია, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, არ უნდა გამოიხატოს უკანონო ფორმებით. ლომჯარია აცხადებს, რომ ასეთი ფაქტების საშიშროების შემთხვევაში ომბუდსმენს რეაქცია ექნება.

„თუმცა კიდევ ერთხელ, ახლა 8 აგვისტო მოდის და არ ვიცი, ჩემთვის გასაკვირია, რატომ უკვირთ ამ ქვეყანაში რომ იქ სადაც 300 000-ზე მეტი დევნილია და ათასობით ადამიანი დაიღუპა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტების შედეგად ბოლო ათწლეულების განმავლობაში და როდესაც რუსეთი დღეს აგრესორი ქვეყანაა და დაესხა თავს სუვერენულ ქვეყანას, უკრაინას, ცოტა არ იყოს და მიკვრის, რატომ უკვირთ პოლიტიკოსებს მმართველი პარტიიდან, რომ შესაძლებელია საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ ნეგატიური განწყობები რუსეთის ხელისუფლების და იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც შეიძლება იბრძოდნენ ამ ქვეყნის წინააღმდეგ ან მომავალში როდესაც მათ სახელმწიფო ან მათი ხელისუფლება დაუძახებს იბრძოლონ ამ ქვეყნის [საქართველოს] წინააღმდეგ. ამიტომ ძალიან ბუნებრივია რომ შეიძლება სიყვარული არ გამოხატონ მოქალაქეებმა და ბუნებრივია ის, რაღაც უკმაყოფილება. მაგრამ რა თქმა უნდა ეს არ უნდა გადაიზარდოს არც ერთ შემთხვევაში უკანონო ფორმებში და სახალხო დამცველი გააკეთებს ყველაფერს იმისთვის რომ თუ ასეთი საშიშროება დავინახეთ ჩვენ მოვახდენთ რეაგირებას“ - განაცხადა სახალხო დამცველმა.

დღეს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების დაწესების მოთხოვნის უკან "საქართველოს სამხედრო კონფლიქტში ჩართვის მიზანი დგას". 

რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას ოპოზიცია ითხოვს. ამ მოთხოვნით პეტიციას გავრცელდა, რომელსაც რამდენიმე საათში 10 000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი.

რუსეთის მოქალაქეებისადმი "ქსენოფობიაზე" ისაუბრა ქართული ოცნების სხვა არაერთმა წევრმა. 

შალვა პაპუაშვილმა 3 აგვისტოს განაცხადა, რომ საქართველოში ჩამომსვლელი რუსეთის მოქალაქეების რიცხვი არ გაზრდილა.

პაპუაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციები ცრუ ინფორმაციის გავრცელებასა და რუსეთის მოქალაქეების მიმართ ქსენოფობიური დამოკიდებულების წახალისებაში დაადანაშაულა.  


close დახურვა