ომბუდსმენი ნინო ლომჯარია ამბობს, რომ სტრასბურგის სასამართლომ სახალხო დამცველის აპარატს, პროცედურული მოტივით, უარი უთხრა მესამე მხარედ ჩართულიყო მიხეილ სააკაშვილის პროცესში.
"დღეს მივიღეთ ჩვენ სტრასბურგის სასამართლოსგან წერილი, სადაც ისინი გვეუბნებიან, რომ, სამწუხაროდ, ვერ მიიღებენ ჩვენს თხოვნას დროებითი ღონისძიების პროცესში ინფორმაციის წარდგენაზე, რადგანაც, როგორც სასამართლომ თქვა, ამას მათი პროცედურით სასამართლო მხოლოდ არსებითი განხილვის დროს ითვალისწინებს. ანუ მათ უარი გვითხრეს პროცედურული მოტივით. მე, როგორც გითხარით, აქამდე ასეთი პრეცედენტი არ არსებობდა, თუმცა ჩვენ მაინც ვცადეთ, რომ შექმნილიყო მსგავსი პრეცედენტი, იმიტომ, რომ პირდაპირ უარი და აკრძალვა სტრასბურგის რეგულაციებში არ ყოფილა." - ამბობს ნინო ლომჯარია ტელეკომპანია პირველის ეთერში.
ნინო ლომჯარიამ სტრასბურგის სასამართლოს სააკაშვილის საქმეში მესამე მხარედ ჩართვაზე რამდენიმე დღის წინ მიმართა.
ევროსასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დროებითი, შუალედური ზომები მიიღო, რითაც საქართველოს მთავრობას მოსთხოვა, აცნობოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და უზრუნველყოს ციხეში მისი უსაფრთხოება.
სასამართლო განმარტავს, რომ დროებითი, შუალედური ზომები არის გადაუდებელი ზომები, რომლებიც გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გამოუსწორებელი ზიანის გარდაუვალი რისკი.
10 ნოემბერს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ექსპრეზიდენტის ადვოკატების მიერ მოთხოვნილი დროებითი ზომა. ECHR-მა სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, ამასთან, მიუთითა, რომ მთავრობამ უნდა უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება ციხეში და უნდა უზრუნველყოს მისთვის სათანადო სამედიცინო მკურნალობის მიწოდება პოსტ-შიმშილობის რეაბილიტაციის პერიოდში.