logo
ENG



ლომჯარია: ჯერი სტრასბურგზეა, შეაფასოს შესთავაზა თუ არა სახელმწიფომ უსაფრთხო გარემო პაციენტს

19 ნოე 202116:58
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ფორმულა/ვახო ქარელი

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა უნდა შეწყვიტოს, რადგან შიმშილობის გაგრძელების შემთხვევაში დიდია ლეტალური შედეგის დადგომის ალბათობა.

შემდეგ კი, ომბუდსმენის თქმით, სტრასბურგის სასამართლომ უნდა შეაფასოს, შესთავაზა სახელმწიფომ პაციენტ სააკაშვილს თუ არა უსაფრთხო გარემო და გაეწია თუ არა მას მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარება.

"მე ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილმა უნდა შეწყვიტოს შიმშილობა, ვინაიდან, ექიმების თქმით, შიმშილობის გაგრძელება ამ ეტაპზე მაღალი ალბათობით ლეტალურ შედეგს გამოიწვევს.

ხოლო ჯერი უკვე იქნება სტრასბურგის სასამართლოზე, რომელმაც უნდა შეაფასოს, შესთავაზა თუ არა სახელმწიფომ უსაფრთხო გარემო და მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარება პაციენტს, რომელიც დათანხმდა სასამართლოს მოწოდებას შიმშილობის შეწყვეტაზე. ყველაფერი დაბრუნდება სტრასბურგის სასამართლოს შემოთავაზებული გადაწყვეტილების ჩარჩოებში..." - წერს სახალხო დამცველი სოციალურ ქსელში. 

დღეს, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს.

შეგახსენებთ, ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი ყოფილი სპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 50-ე დღეა შიმშილობს. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა მძიმეა. 

10 ნოემბერს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა მესამე პრეზიდენტის ადვოკატების მიერ მოთხოვნილი დროებითი ზომა. ECHR-მა სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, ამასთან, მიუთითა, რომ მთავრობამ უნდა უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება ციხეში და უნდა უზრუნველყოს მისთვის სათანადო სამედიცინო მკურნალობის მიწოდება პოსტ-შიმშილობის რეაბილიტაციის პერიოდში. 

რამდენიმე დღის წინ სახალხო დამცველმა სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგისთვის  ექსპერტთა ჯგუფი შექმნა, რომელსაც მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა უნდობლობა გამოუცხადეს. 

კონსილიუმის წევრი ექიმების თქმით, ისინი ერთხმად შეჯერდნენ იმაზე, რომ გლდანის მე-18 ციხის საავადმყოფო "ცუდად აღჭურვილი არ არის", თუმცა, ის მაინც არ არის მზად იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის მსგავს პაციენტს უმკურნალოს. ექსპერტებმა შეისწავლეს დაწესებულება, მისი აღჭურვილობა და პეროსნალსაც გაესაუბრნენ. 

"პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკო­მენ­დებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში კერძოდ ინტენსიური თერაპიის გან­ყო­ფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს", - აღნიშნულია დასკვნაში.


close დახურვა