ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, არასწორ პრაქტიკად ყალიბდება ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მოწოდებები, რომ პოლიტიკური თავდასხმების დროს უფლებადამცველებმა თანამდებობის პირები უნდა დაიცვან.
ასე ეხმაურება ის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის კრიტიკას არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ. დღეს ზურაბიშვილმა ბულინგზე ისაუბრა და თქვა "სად არიან არასამთავრობოები, რომლებმაც ბულინგის მიმართ რაღაცა უნდა გამოხატონ".
"უფლებების დაცვა ნიშნავს ძალაუფლების მქონე პირებისგან ძალაუფლებაში არ მყოფი პირების, ანუ სუსტების დაცვას. საქართველოს პრეზიდენტის შემთხვევაში, მას იმხელა ძალაუფლება აქვს, იმდენი კონსტიტუციური ბერკეტი (იქნება ეს იუსტიციის საბჭოში გადამწყვეტი წევრის დანიშვნა, შეწყალება, საკონსტიტუციო სამართალწარმოება, ვენეციის კომისიისადმი მიმართვა, ვეტოს უფლება და ა.შ) რომ მას თავისუფლად შეუძლია მმართველი პარტიის წევრებზე აქეთ მოახდინოს ზეწოლა.
ეს პოსტი მხოლოდ პრეზიდენტზე არაა, სახალხო დამცველობის დროს მეც ხშირად მთხოვდნენ მინისტრების, თუ მმართველი პარტიის წევრების დაცვას, რაც უფლებადამცველების არასწორი გაგება და ამ ცნებით მანიპულაციაა. ვფიქრობ, რომ ხელი არ უნდა შევუწყოთ ამ არასწორ განმარტებას", - წერს ლომჯარია.
პრეზიდენტმა ორბელიანის სასახლესთან იმ აქციის მონაწილეებს მიმართა, ვინც მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას აპროტესტებდნენ. ზურაბიშვილი სიტყვით სასახლის ეზოში გამოვიდა, თუმცა თავისი სათქმელი არ დაასრულა და მოგვიანებით ბრიფინგი ჩანიშნა.
"აქ რომ მოვარდით ვიღაცის გავრცელებულ ჭორებზე...", - პრეზიდენტის ამ სიტყვებს ხმაური მოყვა.
ბრიფინგზე მან ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტის ჩამოსვლა ორივე მხარეს აწყობდა. თუმცა ზურაბიშვილმა არ უპასუხა კითხვას სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით და თქვა, რომ ამას "პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა".
აქამდე პრეზიდენტი ხაზგასმით ამბობდა, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას არ აპირებდა. მან თავდაპირველად პოზიცია პირველ ოქტომბერს დააფიქსირა და განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტის შეწყალებაზე პასუხი არის "არა და არასდროს". 3 ნოემბერს ზურაბიშვილმა თავისი განცხადება გაიმეორა და თქვა, რომ მისი პოზიცია ამ საკითხზე უცვლელი იყო.