სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შეფასებით, ჯანდაცვის მინისტრის განცხადება იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი დევნილის თვითმკვლელობა "უბედური შემთხვევაა", არასწორია.
ომბუდსმენი ამბობს, რომ გამოძიების მიმდინარეობისას პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან წინასწარი შეფასებები არ უნდა კეთდებოდეს.
"პირველი განცხადებები, რაც გაკეთდა მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან, ვგულისხმობ ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას, ვფიქრობ, რომ არასწორი იყო ნამდვილად. გამოძიება მიმდინარეობს და წინასწარი შეფასებების და კვალიფიკაციის გაკეთება, მით უმეტეს პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან არ არის არცერთ შემთხვევაში სწორი. ამან შეიძლება იქონიოს ზეგავლენა გამოძიების მიმდინარეობაზე, მით უმეტეს, რომ გარემოებები ამ ფაქტებს არ ადასტურებს", - ამბობს ლომჯარია.
ომბუდსმენი ამბობს, რომ მზადაა შეხვდეს ჯანდაცვის მინისტრს, ესაუბროს დევნილებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოსავლის გზებზე.
"მივმართავ ჯანდაცვის მინისტრს, ოფიციალურადაც მივაწვდი ამ ინფორმაციას. ამ საკითხზე და ზოგადად, დევნილების განსახლების პრობლემებზე მზად ვარ შევხვდე მას და მივაწოდო ის ინფორმაციები, რაც ჩვენ გვაქვს და ვისაუბროთ გამოსავლის გზებზე. ბევრი პრობლემა დაგროვდა, ეს არ იქნება მხოლოდ ეს შემთხვევა, მომავალში იქნება სხვა შემთხვევები. იმისათვის, რომ ასეთ ტრაგიკულ შემთხვევებამდე არ მივიდეთ, საჭიროა დროული და ეფექტური გამოსავლის პოვნა", - თქვა ლომჯარიამ.
დღეს, 17 იანვარს, ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თქვა, რომ აქციის დროს დევნილის შენობიდან გადმოხტომა "უბედური შემთხვევაა" და ამას კავშირი არ აქვს საპროტესტო აქციასთან.
16 იანვარს თემქაზე სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები დევნილების აქციაზე ერთ-ერთი მონაწილე, ახალგაზრდა კაცი შენობიდან გადმოხტა. ადგილზე მყოფი მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ კაცმა პროტესტის ნიშნად თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.
თემქაზე დევნილები რამდენიმე დღეა, აქციას მართავენ და მთავრობას ბინებით დაკმაყოფილებას სთხოვენ.
ადგილობრივების თქმით, მათი საცხოვრებელი კორპუსი ისედაც დაზიანებული იყო, დღეს კი შენობამ ნგრევა დაიწყო. მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ კედლები და ჭერი დაზიანებულია, კორპუსში კი ახალი ბზარები ყოველდღე ჩნდება და ბათქაში იყრება.