logo
ENG



ლომჯარია კობახიძეს: არცერთი პოლიტიკოსის მისათითებელი არაა როდის რას გადაწყვეტს ომბუდსმენი

05 აგვ 202212:28
3 წუთის საკითხავი
 

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მხრიდან დღევანდელ თავდასხმას ეხმაურება.

ლომჯარიას თქმით, მისთვის გაუგებარია რატომაა ქართული ოცნება ამდენად კონცენტრირებული სახალხო დამცველის აპარატზე. მისი თქმით, თუ ოცნება ფიქრობს, რომ სახალხო დამცველს არ აქვს რეიტინგი, ხელისუფლების მხრიდან მასზე თავდასხმები ომბუდსმენის აპარატს უფრო აძლიერებს.

ირაკლი კობახიძის მითითებაზე, რომ ომბუდსმენი გვიან გამოეხმაურა ქსენოფობიის ფაქტს, ლომჯარია ამბობს, რომ სახალხო დამცველი, როგორც დამოუკიდებელ ინსტიტუტი თავად იღებს გადაწყვეტილებებს და ხელისუფლება არ უნდა აძლევდეს მითითებებს გადაწყვეტილებების შინაარსსა თუ მათი მიღების დროზე.

„ჩემთვის გაუგებარია რატომაა ასეთი კონცენტრაცია სახალხო დამცველზე და რატომ ცდილობენ ამ თავდასხმებით მის დისკრედიტაციას თუ ისინი ფიქრობენ რომ სახალხო დამცველს არ აქვს რეიტინგი, მაშინ ვეტყოდი რომ ეს კამპანია მხოლოდ სახალხო დამცველის რეიტინგის ზრდას ემსახურება და მე მათ ადგილას არ ვაწარმოებდი ასეთ თავდასხმებს, რადგან მხოლოდ აძლიერებს სახალხო დამცველს, მის რეპუტაციას და რეიტინგს ასეთი თავდასხმები აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და გაუგებარი ზრდის. რაც შეეხება სახალხო დამცველი რას როდის გააკეთებს, მოგეხსნებათ, რომ სახალხო დამცველი არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი ინსტიტუტი და არცერთი პოლიტიკოსის შესაფასებელი და მითუმეტეს გადასაწყვეტი და მისათითებელი არ არის როდის რას გადაწყვეტს“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სახალხო დამცველს რეიტინგი არ აქვს და პოლიტიკოსობას ცდილობს. 

კობახიძის თქმით, მარტში როცა "ქსენოფობიური კამპანია" დაიწყო ნინო ლომჯარია კობახიძის აზრით, დაგვიანებით, 10 დღის შემდეგ გამოეხმაურა რუსეთის მოქალაქეზე თავდასხმის ფაქტს. 

ოცნების თავმჯდომარემ განაცხადა, რომ სახალხო დამცველს "პირველივე წამებზე უნდა ჰქონდეს რეაქცია, როდესაც დისკრიმინაციული კამპანია, ეთნიკური შუღლი და შოვინიზმი ღვივდება". 


close დახურვა