logo
ENG



ლომჯარია კულტურის სამინისტროზე: ეს ბოლო შემთხვევა ძალის დემონსტრირების გამოხატულებაა

14 თებ 202314:54
3 წუთის საკითხავი
 
ლომჯარია კულტურის სამინისტროზე: ეს ბოლო შემთხვევა ძალის დემონსტრირების გამოხატულებაა

ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია აღნიშნავს, რომ კულტურის სამინისტროს მიერ სანდრო სულაბერიძის წინააღმდეგ დაწყებული საქმე "ძალის დემონსტრირება და თავისუფლების გამოხატვის დათრგუნვაა". ამის შესახებ მან ფორმულასთან ინტერვიუს დროს ისაუბრა.

"ეს ბოლო შემთხვევაც არის ძალის დემონსტრირების გამოხატულება, რომ კულტურის სამინისტრო აქციონ რეპრესიულ... ძალის დემონსტრირება ხდება, თავისუფლების გამოხატულების დათრგუნვა ხდება, მე ასე მგონია და შემოქმედება არის სწორედ თავისუფლება. სანდროსაც რომ არ ეთქვა, ხომ, თუ თავისუფალი არ არის შემოქმედება, მაშინ ის პროპაგანდაა.

როცა რაღაც აქტი ხდება, რაც არ უნდა ეპატაჟური იყოს, მე ვფიქრობ, რომ როცა ეს ხელოვნების ნაწილია, უნდა აღვიქვათ ხელოვნებად. შეიძლება, ზოგს მოსწონდეს, ზოგს არ მოსწონდეს, მაგრამ ასე იქმნება და ასე ვითარდება, ცოცხალი პროცესია", - განაცხადა ლომჯარიამ.

მან ასევე ისაუბრა კულტურის სამინისტროს მიერ მუზეუმებიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებზე და აღნიშნა, რომ მათთან შეხვედრის დროს ისინი რეპრესიებზე საუბრობდნენ, მათ შორის ამბობდნენ, რომ მათ ჰკითხავდნენ და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე აფრთხილებდნენ.

"ალბათ გემახსოვრებათ, შევხვდი იმ უწყებიდან გათავისუფლებულ მეცნიერებს, მკვლევრებს ზაფხულში და მათგან მოვისმინე ძალიან შემაშფოთებელი ფაქტები. მაგალითად, ისინი საუბრობენ, რომ პოლიციური რეჟიმი და სისტემა არის თვითონ უწყებაში, რომ დაკითხვები ხდება, რომელიც რაღაც რეპრესიების სახეს იღებს, საათების განმავლობაში კითხავენ ადამიანებს, აფრთხილებენ მათ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე, რაც წარმოუდგენელია და ალბათ, ზეწოლისა და დაშინების მიზანს ემსახურება, რომ ადამიანები ამ სტრესისგან ხდებიან ცუდად, რომ არ აძლევენ ამ დაკითხვის დროს ადვოკატის ყოლის უფლებას და ა.შ. ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს რეპრესიებს, მათ ასეთი განცდა ჰქონდათ", - აღნიშნა ლომჯარიამ.

4 თებერვალს ხელოვანმა სანდრო სულაბერიძემ კედელზე ნამუშევრის ნაცვლად დატოვა წარწერა: "ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!". მომდევნო დღეს განცხადება გაავრცელა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმმა, რომელშიც წერია, რომ "გალერეის დაზიანების შედეგები აღმოფხვრილია".

სულაბერიძის წინააღმდეგ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია - დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ერთიდან სამ წლამდე. 

ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ხელმოწერებს აგროვებენ და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებენ, სანდრო სულაბერიძის წინააღმდეგ აღძრული საქმის კვალიფიკაცია შეცვალოს. ამის შესახებ განცხადება ხელოვნებათმცოდნე ხათუნა ხაბულიანმა გაავრცელა და აღნიშნა, რომ მხატვრის აქციას კრიმინალის ნიშნები არ ახასიათებდა.

11 თებერვალს საქართველოს პენცენტრმა დაგმო მხატვარ სანდრო სულაბერიძის წინააღმდეგ, ეროვნულ გალერეაში შესრულებული საპროტესტო ნამუშევრის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. გარდა ამისა, პენცენტრი კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის თანამდებობიდან გდადგომას ითხოვს.

სულაბერიძის მხარდამჭერი აქცია გაიმართა 12 თებერვალს ეროვნულ გალერეასთან. მხატვრის წინააღმდეგ საქმის აღძვრა გააპროტესტა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის პროტესტის შემდეგ კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია სასახლეში შევიდა და ნამუშევრები წაიღო.


close დახურვა