logo
ENG



ლომჯარია მიშელს და 27 ქვეყანას წერილით მიმართავს, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ

22 ივნ 202220:45
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/22/zb3yf9gbk001a6g.jpg

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ევროპის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს ოფიციალური წერილი გაუგზავნა.

ლომჯარიამ თხოვნით მიმართა ევროპის საბჭოს პრეზიდენტსა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მეთაურებს, გაითვალისწინონ ქართველი ხალხის მისწრაფება ევროპული ოჯახისკენ, მისი ბრძოლა და ძალისხმევა ამ პროცესში და მიანიჭონ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რათა საქართველო არ მოწყდეს იმ საერთო სივრცეს, რომელშიც დღემდე უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად მოიაზრება.

ნინო ლომჯარიას წერილი:

"თქვენო აღმატებულობავ, გიდასტურებთ უდიდეს პატივისცემას პირადად თქვენ, ასევე ევროკომისიის პრეზიდენტს და ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს/მთავრობის მეთაურებს. ევროკავშირი ყოველთვის იყო საქართველოს მტკიცე მხარდამჭერი მის ევროპულ მისწრაფებებში და ამ მხარდაჭერის შედეგებს ბევრი ჩვენგანი გრძნობდა ათწლეულების განმავლობაში. ნება მომეცით გამოვხატო ჩვენი უდიდესი მადლიერება ამ დახმარებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობა გააგრძელებს გაღრმავებას, ხოლო ევროინტეგრაციის მიმართულებით პროგრესი სარგებელს მოუტანს როგორც ევროკავშირის, ასევე საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იზიარებენ საერთო ღირებულებებს და რომელთაც უკეთესი, უფრო ჰუმანური და მშვიდობიანი მომავლის შექმნის იდეა აერთიანებთ.

მე დღეს მოგმართავთ როგორც საქართველოს სახალხო დამცველი (ომბუდსმენი), რომელიც არის დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო და ზედამხედველობს საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას. ომბუდსმენი ათწლეულებია მტკიცედ მოქმედებს თავისი კონსტიტუციური მანდატის ფარგლებში და სარგებლობს ფართო მხარდაჭერითა და ნდობით როგორც ადგილობრივი, ისე ფართო საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან.

ასეთ კრიტიკულ დროს თავს ვალდებულად ვთვლი, მოგმართოთ 2022 წლის 23 და 24 ივნისს დაგეგმილი ევროპული საბჭოს სხდომის წინ, რომელიც, სავარაუდოდ, მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკისა და საქართველოს წევრობის განაცხადების შესახებ. მოგეხსენებათ, 2022 წლის 17 ივნისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა მოსაზრებები საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკისა და უკრაინის ევროკავშირის წევრობის განაცხადების შესახებ, რომლებშიც კომისიამ სამივე სახელმწიფოსთან დაკავშირებით ევროპული პერსპექტივის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. გარდა ამისა, უკრაინისა და მოლდოვის რესპუბლიკის მიმართ კომისიამ გასცა რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე, საქართველოსთან დაკავშირებით კი კომისიამ წამოაყენა მკაფიო პირობები, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე. ეს საფრთხეს უქმნის საქართველოს გამოყოფას ასოცირებული ტრიოსგან, მიუხედავად იმისა, რომ იგი მრავალი წლის განმავლობაში განიხილებოდა, როგორც ლიდერი ამ სამ ქვეყანას შორის და მათთან ერთად იზიარებს რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე საფრთხეებს.

ეს არის ეგზისტენციალური საკითხი და მომენტი მთელი ერისთვის, რომელმაც უკვე გააკეთა თავისი გააზრებული არჩევანი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციაშიც აისახა. საქართველოში ევროინტეგრაცია არის არა მხოლოდ საგარეო პოლიტიკური არჩევანი, ეს ასევე, მორალური და კულტურული არჩევანია, რომელსაც იზიარებს ფართო პოლიტიკური სპექტრი და რომელსაც მხარს უჭერს ქართველთა აბსოლუტური უმრავლესობა. ზემოხსენებულის ბოლო დასტურს წარმოადგენს 20 ივნისს თბილისში გამართული აქციის მონაწილეთა უპრეცედენტო რაოდენობა. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებით აქცია გაიმართა მხოლოდ იმ მიზნით, რომ გამოეხატათ ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა. ევროპა არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი და მისწრაფება, რისთვისაც ყველა თაობამ გაიღო მსხვერპლი. ევროპული პერსპექტივის იდეა აძლიერებს საზოგადოების კონსოლიდაციას და ამცირებს პოლარიზაციას.

შესაბამისად, ყველაზე მწვავე საშინაო და საგარეო პოლიტიკური გამოწვევების ფონზე, ჩვენთვის გადამწყვეტია, რომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას რესპუბლიკასთან ერთად, მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მკაფიო პირობებით, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს მკაცრ ვადებში. ევროკომისიამ უკვე მიუთითა ყველაზე პრობლემატურ საკითხებზე, რომლებიც დაუყოვნებლივ უნდა გადაჭრას საქართველომ და ნება მომეცით დავადასტურო, რომ მოსაზრებაში ასახულ პრობლემებზე უკვე მრავალი წელია საუბრობს სამოქალაქო საზოგადოება და ქართველთა უმრავლესობა, ისევე როგორც ომბუდსმენი.

სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო მოგმართავთ დღეს, განიხილოთ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. მე მტკიცედ მჯერა, რომ ევროინტეგრაცია არის ერთადერთი მამოძრავებელი ძალა საქართველოში წინსვლისთვის და ევროკომისიის რეკომენდაციები ამ პროცესში შეასრულებს საგზაო რუკის როლს. გარწმუნებთ, რომ სახალხო დამცველი ზედამხედველობას გაუწევს ამ პროცესს, ხოლო ქართველი ხალხი, სამოქალაქო საზოგადოება და მედია დაიცავენ ამ პირობების შესრულებას.

თქვენო აღმატებულებავ, კიდევ ერთხელ გამოვხატავ ჩემს ღრმა პატივისცემას თქვენდამი".


close დახურვა