logo
ENG



ლომჯარია ნამოხვანზე: ხელისუფლებამ პრობლემის მოსაგვარებლად საპოლიციო ძალისმიერი გზა აირჩია

12 აპრ 202118:59
3 წუთის საკითხავი
 
ლომჯარია ნამოხვანზე: ხელისუფლებამ პრობლემის მოსაგვარებლად საპოლიციო ძალისმიერი გზა აირჩია

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რიონის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ სახელმწიფომ საზოგადოებრივ პროტესტს არა პოლიციელების ხელით, არამედ უშუალო კომუნიკაციით უნდა უპასუხოს.

როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია აღნიშნული, დიალოგი დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს და გაგრძელდეს მანამ, სანამ ყველა შეკითხვაზე არგუმენტირებული პასუხი არ იქნება გაცემული.

ამასთან, ლომჯარიას თქმით, პოლიციამ უნდა უზრუნველყოს მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილების და მშვიდობიანი შეკრების უფლების რეალიზაცია.

"4 დღის წინ რიონის ხეობაში პროტესტის მონაწილეებს შევხვდი, რომლებსაც ჰქონდათ ძალიან კონკრეტული და ლეგიტიმური შეკითხვები სახელმწიფოსთან, ითხოვდნენ დიალოგს და ემხრობოდნენ პროტესტის მხოლოდ მშვიდობიან ფორმას. ამის საპასუხოდ, ხელისუფლებამ პრობლემის მოსაგვარებლად საპოლიციო ძალისმიერი გზა აირჩია, რაც ადგილზეც ვთქვი და მომავალიც დაადასტურებს, რომ არა პრობლემის მოგვარების, არამედ გამწვავების გზაა და რაც ასევე სისტემატიურად იწვევს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას. სახელმწიფომ საზოგადოებრივ პროტესტს უნდა უპასუხოს არა პოლიციელების ხელით, არამედ მეტი დიალოგითა და უშუალო კომუნიკაციით. შესაბამისად, კვლავ გავიმეორებ, რომ:

- ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შესთავაზოს მოსახლეობას დიალოგის და დისკუსიის ფორმატი და დრო;

- დიალოგი უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ ყველა შეკითხვაზე არ იქნება გაცემული კვალიფიციური, არგუმენტირებული პასუხი;

- დიალოგი უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და შედეგზე ორიენტირებული;

- პოლიციამ დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილების და მშვიდობიანი შეკრების უფლების რეალიზაცია;

- ფართო საზოგადოების ინფორმირების მიზნით, მნიშვნელოვანია ყველა მხარის მზაობა (სახელმწიფო, კომპანია, პროტესტის მონაწილეები) მედია დისკუსიებსა და დებატებში მონაწილეობის თაობაზე", - ნათქვამია ნინო ლომჯარიას განცხადებაში.

დღეს, 12 აპრილს, რიონის ხეობაში ვითარება ისევ დაიძაბა. ადგილზე მყოფ აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. რიონის ხეობის მცველებს ჰესის მიმართულებით გადაადგილება სურდათ, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.


close დახურვა