logo
ENG



ლომჯარია ოცნებაზე: არღვევენ კონსტიტუციას იმის გამო, რომ ხელი დააფარონ კლანურ მმართველობას

19 აპრ 202317:15
3 წუთის საკითხავი
 

ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ქართული ოცნების წევრები კონსტიტუციას არღვევენ, რათა კლანურ მმართველობას ხელი დააფარონ. ასე ეხმაურება ის მმართველი პარტიის მიერ საგამოძიებო კომისიის ჩაგდებას.

"უმრავლესობა ცდილობს, ფიქრობს სრულიად მიუღებელი ხერხებით გამოიგონოს რაღაც გზები, რომ ტექნიკურად შეუშალოს ხელი ოპოზიციას ისარგებლონ მათი კონსტიტუციური უფლებით და სინამდვილეში ეს ყველაფერი ემსგავსება საპარლამენტო ცხოვრების ბოიკოტს. ისინი არღვევენ კონსტიტუციას იმის გამო, რომ ხელი დააფარონ სასამართლოში არსებული კორუფციულ, კლანურ მმართველობას", - განაცხადა მან.

ქართულმა ოცნებამ პარლამენტის სხდომაზე, რომელზეც სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია უნდა შექმნილიყო, რეგისტრაცია ისევ არ გაიარა, შესაბამისად კენჭისყრა ვერ შედგა. კვორუმისთვის საჭირო იყო 76 დეპუტატის რეგისტრაცია, თუმცა მხოლოდ 52-მა გაიარა.

ოპოზიცია სასამართლო სისტემაში კორუფციის გამოძიებისთვის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ცდილობს, რისთვის 50 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. თუმცა იმისათვის, რომ ოპოზიციას ხელი შეუშალონ და კენჭისყრა საერთოდ ვერ შედგეს, მმართველი გუნდი წინასწარ რეგისტრაციას არ გადის. მსგავს ქმედებას მათ 18 აპრილსაც მიმართეს.

მთელი დღის განმავლობაში ქართული ოცნების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ უნდა გააკეთონ ყველაფერი, რათა ოპოზიციამ საგამოძიებო კომისიის შექმნა ვერ შეძლოს. 

***

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კორუფციისთვის სანქციები დაუწესა მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს. სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აღნიშნავს, რომ მათ, როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესმა წევრებმა, ბოროტად გამოიყენეს საკუთარი თანამდებობები.

სანქცირებასთან დაკავშირებით აშშ აცხადებს, რომ ჰქონდათ სანდო ინფორმაცია, რის თანახმადაც, მოსამართლეები ბოროტად იყენებდნენ საჯარო თანამდებობას კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობით. მათი თქმით, ეს აზიანებდა სასამართლო და საჯარო პროცესს, მოსამართლეების მიმართ უკანონო სარგებლის შეთავაზებით ან ზეწოლით, რათა მიეღოთ მათი პოლიტიკური მოკავშირეების სასარგებლო გადაწყვეტილებები და ახდენდნენ მოსამართლეთა დანიშვნებით მანიპულირებას, პირადი სარგებლის მიღების მიზნით.

ამას გამოეხმაურა ერთ-ერთი სანქცირებული მოსამართლე, ლევან მურუსიძე და განაცხადა, რომ "არა უშავს". მისი თქმით, ამ ფაქტს "როგორმე გადაიტანს".

ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები სასამართლო სისტემის პრობლემებზე მუდმივად საუბრობენ და მიუთითებენ, რომ არსებობს მოსამართლეთა ე.წ. კლანი, რომელთა წევრებად სწორედ აშშ-ის მიერ სანქცირებულ პირებს მოიაზრებენ. მათ არაერთხელ მოითხოვეს აღნიშნული მოსამართლეების პერსონალური სანქცირება.

ამ საკითხზე კომენტარი გაკეთებული აქვს ე.წ კლანის წევრს, ლევან მურუსიძესაც - მისი აზრით, ერთ-ერთი რიგითი მოსამართლეა, რომელიც საქმეებს იხილავს და პოლიტიკურ საკითხებზე კომენტარს არ აკეთებს. რაც შეეხება სანქცირების შესახებ კითხვას, მურუსიძემ ამას თავის დროზე ლექსით უპასუხა.


close დახურვა