ყოფილმა ომბუდსმენმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ კონსილიუმის შექმნის მიზანი მიხეილ სააკაშვილთან "რეგულარული ვიზიტები არ ყოფილა", მაგრამ ახლა ის მესამე პრეზიდენტთან კონსილიუმის შესვლის საჭიროებას ხედვას.
"ჩემ დროსაც კონსილიუმი ერთვებოდა იმ შემთხვევაში, როდესაც ბატონ სააკაშვილთან ვერ შედიოდა მისი ექიმები, იყო ხოლმე ასეთი პრობლემები, როდესაც არ უშვებდნენ მასთან ციხეში ან სხვა დროს ექიმებს. ან ვერთვებოდით იმ დროს, როდესაც მისი ექიმების თუ ექსპერტების მიერ ნათქვამს არ იჯერებდა ხელისუფლება ან იყო გარკვეული კითხვის ნიშნები და ჩვენი მხრიდან ვცდილობდით, რომ ჩვენი ობიექტური, მიუკერძოებელი შეფასებები გაგვეკეთებინა, ანუ ამ კონსილიუმის შექმნას მიზნად არ ჰქონია რეგულარული ვიზიტები. სახალხო დამცველი არ არის მხარის წარმომადგენელი, ჩვენ ვერთვებით საჭიროების შემთხვევაში, თუმცა მე ახლა ნამდვილად ვთვლი, რომ თებერვალში ნამდვილად არის ამ ვიზიტის საჭიროება იმიტომ, რომ თავად კონსილიუმმა დეკემბერში, როდესაც განაცხადა, რომ 2 თვეში კრიტიკული მდგომარეობის წინაშე დადგებოდით, გასულია უკვე ეს 2 თვე და ამიტომ, ბუნებრივად, ვფიქრობ, რომ ახლა არის ნამდვილად იმის დრომ, რომ ალბათ უნდა შევიდეს კონსილიუმი და მისი შეფასება გააკეთოს."- განაცხადა ლომჯარიამ.
* * *
10 თებერვალს მიხეილ სააკაშვილმა სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელს თამარ გვარამაძეს სთხოვა, მასთან, კლინიკა ვივა მედში სამედიცინო კონსილიუმი გაგზავნოს.
სააკაშვილის თქმით, მისი მდგომარეობა გაუარესდა და მისი ჯანმრთელობის შესაფასებლად დამოუკიდებელი ექსპერტების გაგზავნა მხოლოდ ომბუდსმენის აპარატს შეუძლია.
ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა.
6 თებერვალს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე სასამართლომ უარი თქვა. მესამე პრეზიდენტი პატიმრობაში რჩება.
მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრები და ადვოკატები ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას ან სასჯელისგან გათავისუფლებას ითხოვდნენ და ამ შუამდგომლობით სასამართლოს მიმართეს.
საქმეზე სასამართლო პროცესები 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას ყოველდღიურად გააპროტესტებენ. საპროტესტო ცენტრი იქნება თბილისში, თუმცა აქციები გაიმართება რეგიონებშიც.