logo
ENG



ლომჯარია შსს-ს: მიეცით აქციის მონაწილეებს მათთვის სასურველ ადგილზე შეკრების უფლება

11 აპრ 202123:03
3 წუთის საკითხავი
clock 1272
ლომჯარია შსს-ს: მიეცით აქციის მონაწილეებს მათთვის სასურველ ადგილზე შეკრების უფლება

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პოლიციის მიერ რიონის მცველების კარვების აღებას ეხმაურება და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მისცეს აქციის მონაწილეებს მათ მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ადგილზე შეკრების გაგრძელების შესაძლებლობა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათ კარვის გაშლა და პროტესტის გამოხატვა ნამახვანის ტერიტორიაზე სურთ, თუმცა პოლიცია უარს ეუბნება.

"სახალხო დამცველი აქტიურად აკვირდება რიონის ხეობაში დღეს განვითარებულ მოვლენებს. სახალხო დამცველის წარმომადგენელი ამ დრომდე ხეობაშია, მათ შორის იმ ადგილზეც იმყოფებოდა, სადაც პოლიციამ აქციის მონაწილეთა კარვები დაშალა და უშუალო კომუნიკაცია ჰქონდა მხარეებთან. კარვების დაშლის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას სახალხო დამცველი დამატებით შეისწავლის.

ქუთაისიდან ნამოხვანის მიმართულებით გზა ერთი მხრიდან უკვე რამდენიმე დღეა გადაკეტილი აქვს პოლიციას, ხოლო მეორე მხრიდან, კარვების აღების შემდეგ, პროტესტის მიზნით გადაკეტეს აქციის მონაწილეებმა, რომლებიც ითხოვენ ნამოხვანში შეკრების გაგრძელების შესაძლებლობის მიცემას.

კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებიდან გამომდინარე, შეკრების თავისუფლებაში დაუსაბუთებელი ჩარევის თავიდან აცილების მიზნით, სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

დაუყოვნებლივ მიეცეთ აქციის მონაწილეებს მათ მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ადგილზე შეკრების გაგრძელების შესაძლებლობა, ხოლო თუ აღნიშნულზე არსებობს დასაბუთებული უარის საფუძველი, აქციის გაგრძელებისთვის გამოეყოთ ალტერნატიული ადგილი სასურველთან ახლომდებარე ლოკაციაზე, რომლის ადგილმდებარეობაც არსს არ დაუკარგავს მოქალაქეთა თავშეყრის მიზანს;

საზოგადოებას მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია სოფელ ნამოხვანთან მისასვლელი გზების გადაკეტვის მიზეზებისა და ხანგრძლივობის შესახებ;

სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს ბოლო პერიოდში და დღეს რიონის ხეობაში მიმდინარე მოვლენების და შესაძლო უფლებადარღვევების დეტალურ შესწავლას, რომლის შედეგებსაც დამატებით აცნობებს მოსახლეობას", - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებითსოფელ ნამახვანში, მდინარე რიონის წყლის დონე სასიგნალო ნიშნულს აღემატება, ამიტომ, მიიღეს გადაწყვეტილება, "საფრთხის შემცველი ზონიდან კარვების გატანისა და ადგილზე მყოფი მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანის შესახებ". აქტივისტები ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ შსს კარვების დასაშლელად მიზეზებს ეძებს. ადგილზე ამ დროისთვის ვითარება დაძაბულია.


close დახურვა