ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ახალი საზოგადოებრივი პლატფორმა, საქართველოს ევროპული ორბიტა დააფუძნა - პლატფორმის პირველი საჯარო ღონისძიება სახელწოდებით, ვიმოქმედოთ ევროკავშირის სტატუსისთვის 7 სექტემბერს 19:00 საათზე გაიმართება.
ლომჯარიას განცხადებით, საქართველოს ევროპული ორბიტა ახალი საზოგადოებრივი პლატფორმაა, რომელიც ქმნის სივრცეს მათთვის, ვისაც სწამს საქართველოს ევროპული მომავლის და მზად არის არსებული გამოწვევები ქვეყნის განვითარების შესაძლებლობად აქციოს.
ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა 2022 წლის დეკემბერში ამოეწურა. ამ პერიოდის განმავლობაში ის არაერთხელ გახდა მმართველი პარტიის მხრიდან თავდასხმის სამიზნე - ქართული ოცნების წევრები მას "ნაცმოძრაობის ომბუდსმენს" უწოდებდნენ და აცხადებდნენ, რომ ის "შერჩევითი სახალხო დამცველი" იყო.
13 თებერვალს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ნინო ლომჯარია ღირსების ეროვნული ორდენით დააჯილდოვა. ამასთან, პირველ თებერვალს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებათა დამცველის ყოველწლიური გლობალური ჯილდოს გამარჯვებულები დაასახელა - მათ შორის მოხვდნენ ყოფილი ომბუდსმენი ნინო ლომჯარია და მისი გუნდი.