logo
ENG



ლომჯარიას თქმით, ექსპერტთა ჯგუფს ომბუდსმენის რწმუნება ექნება და დაბრკოლება არ უნდა შეექმნათ

16 ნოე 202116:21
3 წუთის საკითხავი
 
ლომჯარიას თქმით, ექსპერტთა ჯგუფს ომბუდსმენის რწმუნება ექნება და დაბრკოლება არ უნდა შეექმნათ

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, თუ მის მიერ შექმნილ ექიმების ჯგუფს მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე დაბრკოლება შეექმნება, ეს ნიშნავს, რომ პენიტენციური სამსახური ომბუდსმენსა და მის წარმომადგენლებს ციხეში პატიმრის მონახულებაზე უარს ეუბნება.

"ამ ჯგუფს ჩვენ ვაძლევთ სახალხო დამცველის რწმუნებებს, შესაბამისად, ისინი შევლენ დაწესებულებაში, როგორც სახალხო დამცველის წარმომადგენლები. ეს არის გათვალისწინებული სახალხო დამცველის შესახებ კანონით. თუ ამ ჯგუფს შეექმნება დაბრკოლებები, ეს ნიშნავს იმას, რომ პენიტენციური სამსახური სახალხო დამცველსა და მის წარმომადგენლებს ეუბნება უარს ციხეში პატიმრის მონახულებაზე, რაც წარმოადგენს არა მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, არამედ შეიძლება დაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის დანაშაულადაც. აქამდე არ გვქონია პრობლემა, რომ რომელიმე პატიმრის მონახულება არ შეგვძლებოდა და იმედი გვაქვს, რომ არც მომავალში გვექნება", - თქვა ლომჯარიამ.

როგორც ლომჯარიამ თქვა, ექიმების ჯგუფი სააკაშვილთან უახლოეს მომავალში შევა და რა სიხშირით მოინახულებენ პაციენტს, მათ გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, ომბუდსმენმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფი შექმნა.

აპარატის ცნობით, ჯგუფის მიზანია, ასევე, შეაფასოს, რამდენად შეესაბამება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უფლების დაცვას N18 სამკურნალო დაწესებულება ამჟამად და იქნება თუ არა ამ დაწესებულებაში ადეკვატური სამედიცინო სერვისის მიწოდება შესაძლებელი პატიმრის მიერ ხანგრძლივი შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ, როგორც ამას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით ითხოვს.

სააკაშვილი 47-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მისი მდგომარეობა მძიმეა. ექიმის თქმით, სააკაშვილს სიარულიც აღარ შეუძლია. ის შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ, თუმცა, ხელისუფლება ამაზე უარს აცხადებს. 

მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით 3 ნოემბრიდან შიმშილობს ელენე ხოშტარია, 13 ნოემბერს დაიწყო შიმშილობა გირჩი-მეტი თავისუფლებას ქუთაისის ოფისის წევრმა, იმედა კლდიაშვილმა, 14 ნოემბერს კი კიდევ 10-მა ოპოზიციონერმა. შიმშილობას იწყებს პაატა ბურჭულაძეც. კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყეს რუსთავისა და ზუგიდიდის საკრებულოს წევრებმა.


close დახურვა