logo
ENG



ლუგარის ცენტრში შესული 23 ნიმუშიდან არცერთს არ უდასტურდება კორონავირუსი - ამირან გამყრელიძე

03 მარ 202017:09
3 წუთის საკითხავი
 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ბრიფინგი გამართა - მისი განცხადებით, ლუგარის ლაბორატორიაში შესული 23 ნიმუშიდან არცერთი არ დადასტურდა. როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, მსოფლიო მასშტაბით შეინიშნება შემთხვევების შემცირება. რაც შეეხება საქართველოს - ამ ეტაპზე ქვეყანაში სამი დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება და სამივე მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„გლობალურად დღევანდელი დღით დადასტურებულია 92 ათასამდე შემთხვევა, აქედან 80 ათასი გახლავთ ჩინეთში. აქ ბოლო ათი დღის განმავლობაში აღინიშნება შემცირება შემთხვევების - დღეს გახლავთ ყველაზე ნაკლები შემთხვევა კორონავირუსის. ჩინეთში ეპიდ. სიტუაცია უმჯობესდება, თუმცა პრობლემა სერიოზული რჩება. დღეს გვქონდა პირდაპირი ტელეკონფერენცია ჩინეთთან რესპუბლიკური საავადმყოფოდან - გაკეთდა საინტერესო პრეზენტაციები მკურნალობის კლინიკური საკითხისა და ეპიდ.სიტუაციების შესახებ. ამ ტიპის კონფერენციები გაგრძელდება - ჩინეთს აქვს უზარმაზარი გამოცდილება ამ ინფექციის მართვის და ეს ყველამ უნდა გავითვალისწინოთ. დღევანდელი დღით ჩვენთან დაფიქსირებული იყო 217 შესაძლო შემთხვევა, რომლებიც არიან კვლევის ფაზაში - აქედან დღეს ფიქსირდება მხოლოდ 3 დადებითი შემთხვევა. სამივე ავადმყოფი, რომლებიც მოთავსებულნი არიან რესპუბლიკური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში, გადის მკურნალობას და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სიმპტომები აღენიშნება მხოლოდ ერთს, ისიც მსუბუქად. საავადმყოფოებში შესაძლო ნიშნებით გახლავთ 29 პაციენტი, 5 სეფსისის ცენტრში და 7 ქუთაისში. დღეს დილიდან ლუგარის ცენტრში შესული იყო 23 ნიმუში და ყველა ეს ნიმუში გახლავთ უარყოფითი", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. ამ ეტაპზე კორონავირუსით დაავადებული სამივე მოქალაქე მკურნალობას გადის.


close დახურვა