ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, უკრაინამ ქვეყნის სამხედრო ობიექტებზე სარაკეტო თავდასხმა სცადა, თუმცა ოფიციალურმა მინსკმა რაკეტების განეიტრალება შეძლო. შესაბამისი განცხადება ლუკაშენკომ ქვეყნის დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა.
"ჩვენი პროვოცირება სურთ, უნდა შეგატყობინოთ, რომ: 3 დღის წინ, შეიძლება ცოტა მეტიც, უკრაინის ტერიტორიიდან ცდილობდნენ ჩვენს სამხედრო ობიექტებზე იერიშის მიტანას. თუმცა, მადლობა ღმერთს, ანტისაჰაერო კომპლექსმა - პანცირმა შეძლო ყველა რაკეტის განეიტრალება, რომელიც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ისროლეს", - თქვა მან.
ლუკაშენკოს თქმით, მან სამხედროებს დაავალა მიზანში აიყვანონ "გადაწყვეტილების მიმღები ყველა ცენტრი, რომელიც მინსკის მეტოქეა".
"მინდა გავაფრთხილო "ქორები" და გითხრათ გულახდილად: დაახლოებით ერთი თვის წინ ყველა სამხედრო დანაყოფს დავავალე მიზანში აიყვანონ, როგორც ახლა მოდაშია თქმა, ყველა ცენტრი, რომელიც თქვენს დედაქალაქებში გადაწყვეტილებებს იღებს. თუ თქვენ გაბედავთ იერიშის მიტანას ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, აეროდრომზე, აეროპორტზე და ასე შემდეგ, პასუხი იქნება წამიერი", - აღნიშნა ლუკაშენკომ.
ამასთან, ლუკაშენკო ამბობს, რომ უკრაინასთან ომი არ უნდა და "მინსკს ეს ომი არ სჭირდება", თუმცა ფიქრობს, რომ თავად უკრაინას ბელარუსთან ომი "გაუხარდებოდა".
"გაუხარდებოდათ, მე ეს ნამდვილად ვიცი, იქ რომ შევსულიყავით. მათ ეს სჭირდებათ, რადგან "იქიდან" ბრძანებაა გაცემული და ფეხებზე ჰკიდიათ მშვიდობიანი მოქალაქეები რომ იღუპებიან. უკრაინელ პოლიტიკოსებს და პრეზიდენტს მხოლოდ ერთი პოლიტიკა აქვთ: რაც უფრო მეტი უკრაინელი დაიღუპება, მით უფრო მეტს იყვირებენ "რუსი და ბელარუსი ფაშისტების სისასტიკეზე", - თქვა ლუკაშენკომ.