logo
ENG



მაგთიკომმა 5G ინტერნეტი სატესტო რეჟიმში გაუშვა

13 აგვ 202011:18
3 წუთის საკითხავი
 
ic2m99dx9a6jrcp.jpg

მაგთიკომმა მე-5 თაობის ტექნოლოგია სატესტო რეჟიმში გაუშვა. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს. 

მათი ცნობით, მაგთი მე-5 თაობის ქსელის კომერციულ გაშვებას ამ ეტაპზე არ გეგმავს.

"მაგთიკომმა მსოფლიოს უახლესი, მე-5 თაობის ტექნოლოგიის ტესტირება დაიწყო. მაგთიკომი ამ მიმართულებით თანამშრომლობს მსოფლიოს სამ წამყვან სატელეკომუნიკაციო აპარატურის მწარმოებელ კომპანიასთან. უახლოეს პერიოდში ასევე სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების მე-4 მწარმოებელი კომპანიისგან ელოდება აპარატურას. მაგთიკომი პარალელურ რეჟიმში ახორციელებს ტექნოლოგიის სიღრმისეულ შესწავლას და სპეციალისტების მომზადებას.

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ მაგთიკომი მე-5 თაობის ქსელის კომერციულ გაშვებას ამ ეტაპზე არ გეგმავს. მე-5 თაობის ტექნოლოგია, ძირითადად, უნდა მოერგოს ინდუსტრიულ დარგებს, რომლებიც ამ ტექნოლოგიის მთავარი მომხმარებლები უნდა გახდნენ, რაც უახლოესი სამი წლის განმავლობაში ნაკლებ სავარაუდოა. ამავდროულად, სანამ მობილური ბაზრის საცალო სეგმენტზე ინტერნეტის საშუალო მოხმარება თითოეულ აბონენტზე თვეში 15-20 გიგაბაიტს არ გადააჭარბებს, არ არის გამართლებული მე-5 თაობის ქსელის კომერციული გაშვება.

მაგთიკომის ქსელში ხორციელდება მე-5 თაობის სადგურების ტესტირება, სადაც ტექნოლოგიური სიჩქარეები, რომელიც ასახავს ფიჭის გამტარუნარიანობას, 20-25 გიგაბიტ წამამდე მერყეობს.

მაგთიკომი საქართველოს დასახლებული და კონტროლირებადი ტერიტორიის 98%-ს ფარავს ხარისხიანი, საიმედო ქსელით, რომელიც მობილური ქსელის განვითარების ყველა საფეხურს (2G, 2.5G, 3G, 3.5G, 4G, 4.5G) მოიცავს", - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


close დახურვა