უმრავლესობის დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, რომელიც თანამდებობაზე ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში 2019 წლის 8 სექტემბერს უკვე მეორედ დაინიშნა, ოპოზიციის "ბრალდებების" და მათი მხრიდან სტატისტიკის "მანიპულირებით" კრიმინოგენული ვითარების ზრდის შესახებ კრიტიკის გაბათილება მოსთხოვა.
მათიკაშვილმა მინისტრობის კანდიდატის მიმართ დასმულ შეკითხვაში ყოფილი ხელისუფლება გააკრიტიკა და კრიმინალის მიმართ წინა ხელისუფლების "ნულოვანი ტოლერანტობის" პოლიტიკა გაიხსენა.
"იმისთვის, რომ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ კარგად დაინახოს", - განმარტა მათიკაშვილმა და გომელაურს კრიმინოგენული ვითარების მხრივ "რეალური მოცემულობის" აღწერა მოსთხოვა.
"კიდევ ერთხელ თხოვნა იქნება რომ განმარტოთ, რეალური მოცემულობა რა არის", - ჰკითხა მათიკაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, - "ის, რომ კრიმინოგენული სიტუაციის ზრდას რეალურად ადგილი არ აქვს და მხოლოდ და მხოლოდ მანიპულირება ხდება ჩვენი ოპონენტების მხრიდან".
პარლამენტში მინისტრთა კანდიდატების მოსმენაზე მათიკაშვილის ეს კითხვა ოფიციალური სტატისტიკით მძიმე დანაშაულების ზრდის პარალელურად დაისვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2019 წელთან შედარებით 2020 წელს ადამიანის სიცოცხლის წინააღმდეგ დანაშაული 8.73 %-ით არის გაზრდილი, თვითმკვლელობამდე მიყვანა 13.64%-ით, გაუპატიურება - 6.67 %-ით, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების წინააღმდეგ დანაშაული - 20.38 %-ით, სამეწარმეო დანაშაული - 72.73 %-ით, სამოხელეო დანაშაული კი - 2.13 %-ით.
მძიმე დანაშაულების ნაწილში კრიმინალის სტატისტიკის ზრდას ოპოზიცია ხელისუფლების უმოქმედობას უკავშირებს, ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები კი მთელი წელია აცხადებენ, რომ სტატისტიკის ზრდის მიუხედავად ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარება არ დამძიმებულა, ოპოზიციის კრიტიკას კი სტატისტიკით მანიპულირებას მიაწერენ. სწორედ ამ არგუმენტის გამეორება და ხელახალი განმარტება მოსთხოვა მათიკაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, რომელიც უშუალოდ არის პასუხისმგებელი კრიმინოგენულ ვითარებაზე.
მინისტრების კანდიდატების მოსმენა მეათე მოწვევის ერთპარტიულ პარლამენტში დღეს დილიდან მიმდინარეობს. ოპოზიცია მანდატებზე უარის თქმისა და ბოიკოტის პირობებში საპარლამენტო მოსმენებს არ ესწრება, შესაბამისად, მინისტრობის კანდიდატებს მხოლოდ მმართველი გუნდის შეკითხვებზე უწევთ პასუხების გაცემა.