რუსეთის სანქციების ჯგუფის კოორდინატორი და აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში მაიკლ მაკფოლი ქართველ ხალხს მიმართავს და ამბობს, რომ ისინი "პრორუს ლიდერებს ცუდი მიმართულებით მიჰყავთ".
მაიკლ მაკფოლი ჯოზეფ ბორელის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ქართულ ოცნებას მოუწოდა, გაიწვიოს ჰომოფობიური და პროპაგანდისტული კანონი, რომელიც "ქვეყანას ევროკავშირის გზას მეტად ააცდენს".
"მიდით ქართველებო! შეაჩერეთ ევროპიდან ეს უკუსვლა. თქვენ ნამდვილად გსურთ, რომ მომდევნო ბელარუსი გახდეთ? თქვენს პრორუს ლიდერებს ძალიან ცუდი მიმართულებით მიჰყავხართ", - წერს ის.
პროპაგანდისტული და ჰომოფობიური კანონპროექტით ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ "ოჯახური ღირებულებების დაცვა" სურს, თუმცა რეალურად ლგბტ თემის უფლებებს ზღუდავს და ცენზურას აწესებს. ჰომოფობიურ კანონპროექტზე კრიტიკული დასკვნა მოამზადა ვენეციის კომისიამ.
პაკეტი 19 კანონპროექტისგან შედგება და სხვა საკითხებთან ერთად შეკრების თავისუფლების შეზღუდვასა და მედია ცენზურასაც ითვალისწინებს. საკანონმდებლო პაკეტში ძირითადია კანონის პროექტი "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანების დაცვის შესახებ", დანარჩენი 18 კი მისგან გამომდინარეა. ცვლილებები შედის სხვადასხვა კანონში, სამოქალაქო კოდექსში, შრომის კოდექსში, განათლების შესახებ კანონმდებლობაში და ა.შ.