ქართველი თეოლოგები და სასულიერო პირები განცხადებას ავრცელებენ და საპატრიარქოს მიმართვას ეხმაურებიან.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თუ ტაძარში მსახურებებზე დასწრების შეზღუდვა „არის გაუმართლებელი და დანაშაული ღვთის წინაშე", როგორც ეს საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი, ეს იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოში არსებული მართლმადიდებელი ეკლესიების უდიდესი ნაწილი გაუმართლებელ დანაშაულს ჩადის, რაც მწვავე ბრალდებაა.
ამასთან, „ფორმულასთან“ საუბრისას მამა ზაზა თევზაძემ განაცხადა, რომ თუ რეკომენდაციები არ შესრულდება, ეკლესია შეიძლება ინფექციის გავრცელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერა გახდეს.
„დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, როდესაც მთელი მსოფლიო უზარმაზარი პრობლემის წინაშე დგას ამ ვირუსის პანდემიის გამო, გაუფრთხილებლობასთან გვაქვს საქმე. მე პირადად, ვშიშობ, რომ ეკლესია შეიძლება გახდეს ინფექციის გავრცელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერა. განუწყვეტელი, ყოველკვირეული და ყოველდღიური ზიარება არასდროს ყოფილა აუცილებლობა. მეტი სერიოზულობა უნდა ჩანდეს. მე ყველას ვურჩევ, თავი შეიკავონ ყოველგვარი კონტაქტისგან და გაუფრთხილდნენ თავიანთ სიცოცხლეს“, - განაცხადა მამა ზაზა თევზაძემ.